„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს.
ცვლილებები ეხება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კერძოდ, სასამართლოს მიერ ცრუმაგიერ პირად აღიარების განხილვის ვადებს, მოწვევის შეუძლებლობის შემთხვევაში პროცესის გადადებას და სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დასაბუთებას.
საკითხი სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა წარადგინა.
პროექტის თანახმად, მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში გამოსცემს, ნაცვლად 14 დღისა.
იმ შემთხვევაში თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულისაა, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვის ვადით.
ამასთან, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ, მოსამართლე დასაბუთებულ ბრძანებას გამოსცემს ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ.
გარდა ამისა, მოსამართლის შესაბამისი ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 14 დღეში შეიტანება, ნაცვლად 48 საათისა.