საჯაროდ ვხედავდით, რომ კარგ ხასიათსა და ჯანზე იყო - გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გურამ მაჭარაშვილი

კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, გადაყვანის გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო.

"საჯაროდ ვხედავდით, რომ კარგ ხასიათსა და ჯანზე იყო. მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა და არამხოლოდ საქართველოსას. ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო, მისივე პარტიის წევრებისთვისაც კი. მისი გამოგონილი დაავადებები უკვე აღარ სჯერათ თავისივე მხარდამჭერებსაც კი. ადამიანმა დემენცია დაამარცხა, სამედიცინო სფეროში შეიტანა დიდი წვლილი. მით უმეტეს ამ ფონზე, როდესაც ის გამოჯანმრთელებულია სრულად და არავის არაფერი აღარ უთქვამს წლებია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ის მოიხდის სასჯელს იქ, სადაც ეკუთვნის," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კლინიკა "ვივამედში "მიხეილ სააკაშვილი 3 წელი და 6 თვე იმყოფებოდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი დაბრუნების მიზეზად ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა სახელდება.

მიხეილ სააკაშვილი, 2021 წლის პირველ ოქტომბერს საზღვრის უკანონო კვეთის შემდეგ დააკავეს. ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ 5 საქმე და 4 საპატიმრო განაჩენია. მას უკვე მისჯილი 12 წლიდან დარჩენილი აქვს 9 წელი.