1760128296
სრულიად მოულოდნელი იყო მისი ციხეში გადმოყვანა. გუშინ ვიყავი მასთან, დღის განმავლობაში მოვინახულე, ისიც არ იყო ინფორმირებული - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან ისევ ციხეში დააბრუნეს. გასული ღამე პატიმარმა ექსპრეზიდენტმა უკვე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა. მას ამ წუთებში ადვოკატი ხვდება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის "ვივამედიდან" ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ იყო.
"ციხეში გადმოყვანასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციაზე არ ვარ ინფორმირებული. ეს პირველი შეხვედრა იქნება გადმოყვანის შემდეგ. მას შემდეგ, რაც გავივლით საკითხებს, შევთანხმდებით, მათ შორის იმაზე, უნდა გავაკეთოთ თუ არა საჯარო ინტერვიუ. სრულიად მოულოდნელი იყო გადმოყვანა, არავინ ვიყავით ინფორმირებული, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიყავი ინფორმირებული. გუშინ ვიყავი მასთან ვიზიტზე, დღის განმავლობაში მოვინახულე, ისიც არ იყო ინფორმირებული", - განაცხადა ადვოკატმა.
კლინიკა "ვივამედში "მიხეილ სააკაშვილი 3 წელი და 6 თვე იყო. სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მისი დაბრუნების მიზეზად ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა სახელდება. მიხეილ სააკაშვილი, 2021 წლის პირველ ოქტომბერს საზღვრის უკანონო კვეთის შემდეგ დააკავეს. ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ 5 საქმე და 4 საპატიმრო განაჩენია. მას უკვე მისჯილი 12 წლიდან დარჩენილი აქვს 9 წელი.











