საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკური დღის წესრიგი და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობა, როგორც რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობა.

მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.