საფრანგეთის საბაჟო ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული უწყებათაშორისი სწავლება დასრულდა

საფრანგეთის საბაჟო ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული უწყებათაშორისი სწავლება დასრულდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საზღვაო პორტების უსაფრთხოებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ უწყებათაშორის (ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები) სწავლებაში, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სწავლება სახელწოდებით - „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, შავი ზღვიდან ევროკავშირამდე“გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ოლივერ კურტომ, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა. სემინარი მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოთა თანამშრომლობის გაძლიერებას.

აღნიშნული სწავლების ფარგლებში, მხარეების მიერ, დეტალურად იქნა განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში არსებული პორტების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები. სამუშაო შეხვედრისას, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადების მართვის კუთხით, უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობის და პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია იმ რისკის ინდიკატორების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება.

გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის 13 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ასევე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ'ანტუონომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოსა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა.

ღონისძიების ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებმა ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კონტეინერების საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.