ცნობილია, მეტროში გარდაცვლილი 21 წლის მარიამ ტყემალაძის ექსპერტიზის დასკვნა
1786045348
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადება საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
როგორც ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, საგარეო საქმეთა სამინისტროები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა. 2008 წლის ამ დღეს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები წამოიწყო, რითაც კიდევ უფრო შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოახდინა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.
რუსული აგრესიიდან 18 წლის შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიჰყვნენ ამ მაგალითს.
კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონალურ და ევროპულ სტაბილურობას.
2025 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილი არაერთი დარღვევისთვის, მათ შორის ძალის გადამეტებისთვის, არასათანადო მოპყრობისთვის, უკანონო დაკავებებისთვის და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების უკანონო შეზღუდვისთვის. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებით, რაც, მათივე შეფასებით, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
„შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ოსეთში ბოლოდროინდელი მოვლენებით. 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება“ კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. ეს დოკუმენტი, ისევე როგორც რეგიონის სათავეში რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, აძლიერებს შეშფოთებას რეგიონის შესაძლო სრულმასშტაბიანი ანექსიის თაობაზე, რაც უპასუხოდ არ დარჩება.
ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ (GID) პლატფორმის მიმართ, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას და მომავალშიც გავაგრძელებთ მისიის როლის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.