საერთაშორისო დამკვირვებელი: ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რომ საარჩევნო პროცესი, რომელსაც ვაკვირდები, ძალიან კარგადაა ორგანიზებული. რაც არ გვაქვს საფრანგეთში, ხმის მიცემის მოწყობილობაა, რაც ორმაგ კონტროლს წარმოადგენს

მარკ გაირინი

საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან მარკ ლუის გაირინიმ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში აკვირდება, მედიასთან საარჩევნო გარემო შეაფასა.

„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ საარჩევნო პროცესი, რომელსაც ვაკვირდები, ძალიან კარგადაა ორგანიზებული. შესასვლელშივე აქვთ სია, რაც ძალიან უსაფრთხო გარემოს ქმნის. მაგალითად თუ გარდაცვლილია პიროვნება, მარტივადაა სანახავი სიაში, რომ ეს ამომრჩეველი არ არსებობს. ძალიან საინტერესოა ასევე მრავალფეროვანი კონტროლი უშუალოდ მოქალაქეების მხრიდან. თითოეულ საარჩევნო უბანზე მინიმუმ 8-10 დამკვირვებელია, რაც დამატებითი გარანტიაა შედეგების უსაფრთხოებისთვის.

კიდევ ერთი რამ, რაც ჩვენ არ გვაქვს საფრანგეთში, ეს არის ხმის მიცემის მოწყობილობა, რაც ორმაგ კონტროლს წარმოადგენს. პირველ რიგში, ეს მანქანა ასკანერებს ბიულეტენს და ითვლის ხმას, შემდეგ კი ბიულეტენი ინახება და დალუქულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ დღის განმავლობაში რაიმე პრობლემა დაფიქსირდება, შესაძლებელია ბიულეტენების რაოდენობის და მანქანის მიერ დათვლილი ხმების შედარება, ეს იდეალურია“, - აღნიშნა დამკვირვებელმა.