სააკაშვილის განცხადებიდან იკითხება, რომ თუ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ზუსტად ისე მოიქცევიან და ზუსტად ისე გააგრძელებენ მოქმედებას, როგორც ადრე იქცეოდნენ - ირაკლი ჭეიშვილი

ირაკლი ჭეიშვილი

მმართველ გუნდში მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე შეფასებები კეთდება. საუბარია, განცხადებაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არაერთ საქმეში ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მორიგ ჯერზე დანაშაულებრივი მმართველობის გამართლებას ცდილობს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჭეიშვილის შეფასებით, განცხადებიდან ჩანს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ზუსტად იმავენაირად მოიქცევიან.

"სააკაშვილს, როგორც ჩანს, გათავისებული არა აქვს ის შეცდომები, რაც მან ჩაიდინა 2012 წლამდე. 9-წლიანი მმართველობის პერიოდში 7 ნოემბერი იყო, 26 მაისი იყო, 2008 წლის 8 აგვისტო იყო რუსეთთან ომი. ეს არის ამათი ხელწერა, რომელსაც არც უარყოფენ. არა თუ მონანიებული აქვთ რაიმე პროცესი, პირიქით, სააკაშვილის ამ განცხადებით, იკითხება ის, რომ თუ ესენი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ზუსტად ისე მოიქცევიან და ზუსტად ისე გააგრძელებენ მოქმედებას, რასაც აკეთებდნენ. ესენი არიან არაკონსტიტუციური პარტიები, რომლებიც ამ პროცესს დღესაც ამართლებენ. და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ამართლებს, სხვათა შორის, ამართლებს თავისივე თანაგუნდელებიც. ამიტომაც, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერს, ყველანაირი მტკიცებულება წარვადგინოთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ამ პარტიების აკრძალვა მოხდეს და პოლიტიკური ველიდან ჩამოშორება," - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჭეიშვილმა.

არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე და ადამიანების დაკავებაზე - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არაერთ საქმეში ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მორიგ ჯერზე დანაშაულებრივი მმართველობის გამართლებას ცდილობს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, კვლავ მიიჩნევს, რომ როგორც 2007 წელს, ასევე 2008 წელს მან სწორი ნაბიჯები გადადგა. ეს მაშინ, როდესაც არაერთი ანგარიში პირდაპირ მოწმობს, რომ სააკაშვილის მთავრობამ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ქვეყანაში შეზღუდა თავისუფალი სიტყვა და მედიის რეკეტი განახორციელა.

✕