რომან კაკულია: წინაპირობა უკრაინის ომის შეწყვეტის უბრალოდ არ არსებობს. დასავლეთი არის ახლა ტყვეობაში იმ ძალიან დიდი ნარატივის, რომელიც პრინციპში მის თვითლიკვიდაციას ემსახურება

რომან კაკულია

 სიღრმისეულ ანალიზს ვინც აკეთებდა პროცესების, იმ ხალხს არც ჰქონია მოლოდინი, რომ ამ შეხვედრას შეიძლება რაიმე შედეგი მოჰყოლოდა. იმიტომ, რომ წინაპირობა ომის შეწყვეტის უბრალოდ არ არსებობს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ, უნგრეთში, ტრამპი-პუტინის არ შემდგარ შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ასეთი ტიპის საკითხების მოგვარებას რამდენიმე ფაქტორი სჭირდება.

„არ აქვთ არავითარი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ მოგვარდნენ. ისინი [პუტინი და ზელენსკი] ვერანაირად ვერ გაყიდიან ამას თავის ქვეყნებში. ზელენსკიმ, ამხელა მსხვერპლის შემდეგ, როგორ შეიძლება მიიღოს ის, რასაც სთავაზობს პუტინი?! და პუტინიც ვერ მიიღებს, რასაც რამდენი ხანია იმეორებს, იმ სამ ძირითად მოთხოვნას, რაც ნეიტრალიტეტთან, უკრაინის შეიარაღების შემცირებასთან არის დაკავშირებული. მას არ შეუძლია ეს მიიღოს, ამიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ბრძოლის ველზე უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, უკრაინის ომთან დაკავშირებულ ნარატივში დასავლეთი თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

„დასავლეთი არის ახლა ტყვეობაში იმ ძალიან დიდი ნარატივის, რომელიც პრინციპში მის თვითლიკვიდაციას ემსახურება. დასავლეთი უკვე დიდი ხანია დგას იმ ფილოსოფიაზე, რომ ბუნებაში არ არსებობს არავითარი ობიექტური რეალობა და კანონზომიერება, რომელიც არ შეუძლია დაძლიოს ადამიანმა. არადა ბუნებას აქვს თავისი კანონზომიერებები, რომელიც ყოველი 80-დან 100 წლის ფარგლებში დემოგრაფიისა და რესურსების წვდომის გამო საზღვრების ცვლილებას იწვევს. როგორც წესი, ისტორია იცნობდა მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით ამ საკითხების გადაწყვეტას. „უკრაინას აქვს თუ არა უფლება იყოს ნატოს წევრი“ - რა თქმა უნდა აქვს. „რუსეთი არის მოძალადე!“ - რა თქმა უნდა რუსეთი არის მოძალადე. „უკრაინა არის დაჩაგრული, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინის მხარეს“ - კი ბატონო, ვიყოთ, მაგრამ აქ ხომ რამდენი ხანია ვლაპარაკობთ სამართლიანი გადაწყვეტილების შესაძლებლობის არსებობაზე თუ მის არარსებობაზე და აქედან გამომდინარე რა შედეგები დგება უკრაინისთვის“, - განაცხადა რომან კაკულიამ.