„როგორც განვითარდა ნარატივი ყულევის პორტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამხელა ინტერესი არსებობს საქართველოს წინააღმდეგ“ - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გადაცემაში „იმედის კვირა“ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ყულევის პორტის ამოღების საკითხზე.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ვიზიტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირის წარმომადგენლის ვიზიტები თბილისში. მაშინ, როდესაც ყველამ ძალიან დეტალურად შეისწავლა, თუ რას აკეთებდა საქართველო იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.

იმ პირობებში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მეტად ახერხებს სანქციების რეჟიმის დაცვას, კეთილსინდისიერად  აკეთებს თავის საქმეს,რთული იყო, რომ ყულევის პორტი იქცა ერთ-ერთ დასასანქცირებელ ობიექტად,“ - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ასევე ისაუბრა გერმანიის ელჩის მიერ ყულევის პორტზე გაკეთებულ კომენტარზეც და აღნიშნა, რომ საინტერესო იყო თავად დრო, როდესაც მსგავსი განცხადებები გააკეთა გერმანიის ელჩმა საქართველოში.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ სირთულეებზე, რომელთა დაძლევაც მოუწია საქართველოს იმისათვის, რომ ყულევის პორტი სანქციათა პაკეტში არ მოხვედრილიყო: „იყო გარკვეული სირთულეები იმასთან დაკავშირებით, რომ გარანტირებულად მომხდარიყო ყულევის პორტის სანქციების პაკეტში უსამართლოდ მოხვედრის თავიდან აცილება. რაც მოვახერხეთ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან უსამართლობა ბევრი ვნახეთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს არ იქნებოდა ერთადერთი უსამართლობა. თუმცა, როდესაც საქმე ეხება სანქციების პაკეტს, როდესაც საქმე ეხება ქართულ პორტს, რომელიც სრულიად უდანაშაულოდ უნდა მოხვედრილიყო ამ სიაში, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო ჩვენთვის.“

გარდა ამისა, მინისტრმა ისაუბრა დევიდ ო'სალივანის წერილსა და ოპოზიციური მედიისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან ამ კუთხით შექმნილ ნარატივებზეც.

„როგორც წესი, ევროკავშირის მხრიდან მუდმივად არის აღიარება და დადასტურება იმ ძალისხმევისა, რასაც საქართველო გასწევსდა ამ დრომდე ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რამე ვერ შევასრულეთ, ან რამე ისე არ გავაკეთეთ, როგორც დავპირდით ევროპულ მხარეს. შესაბამისად, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია, რაც ხდება იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს იმიჯი და ინტერესები დააზიანონ.

როგორც განვითარდა ნარატივი ყულევის პორტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამხელა ინტერესი არსებობს საქართველოს წინააღმდეგ, როგორი კოორდინირებულია ეს და როგორ მონაწილეობენ საქართველოს წინააღმდეგ ამ ინტერესში გარკვეული აქტორები, მათ შორის, შეიძლება გარკვეული თანამდებობის პირებიც; საქართველოს შემთხვევაში, როგორც ოპოზიციის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული წარმომადგენლები, ასევე სამწუხაროდ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც აქტიურად ტირაჟირებენ ტყუილს და ისეთ ინფორმაციას, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს დასამალი არაფერი აქვს და ხელისუფლებას მაქსიმალურად აქვს ძალისხმევა მიმართული იმისკენ, რომ საქართველო არ იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული.

„ვერავის ვერ მოჰყავს მაგალითი, ფაქტი რომელიც დაადასტურებდა სხვაგვარ აზრს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ სამართლიანად თანამშრომლობა ევროპულ მხარესთან, იმისათვის, რომ არ დაზიანდეს საქართველოს ინტერესები .“ - აღნიშნა მინისტრმა.