როგორც დავპირდით ჩვენს მოსახლეობას, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი შეფასება ექნება, ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

მივიღეთ გადაწყვეტილება, კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება "ნაცმოძრაობის" და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა განაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულებს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელი მზადდება.

"ჩვენ როგორც დავპირდით ჩვენს მოსახლეობას, არამხოლოდ პოლიტიკური შეფასება ექნება "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს, არამედ სამართლებრივი შეფასებაც ექნება.

ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელსაც ოქტომბერში მივმართავთ.

ოთხი რადიკალური პარტიისგან შედგება ეს კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც იმართება ერთი ვერტიკალისგან. ნებისმიერი ეს სატელიტი პარტია, რომელიც მხილებული იქნება იმაში, რომ ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგამდნენ 2012 წლის შემდეგ, მათზეც იქნება მსჯელობა სასამართლოში,"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.