პროკურატურა ინფორმაცია ავრცელებს
1758990100
იმედი გვაქვს, რომ ჯვრის ძალით და მადლით მოხდება ჩვენი დევნილების სახლებში დაბრუნება, აღდგება ის საუკუნოვანი ძმობა ჩვენსა და აფხაზებსა და ოსებს შორის და მოვესწრებით გამთლიანებულ და გაძლიერებულ საქართველოს, - განაცხადა ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჯვართამაღლების დღესასწაულზე.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს. ასევე გილოცავთ წმინდა დიდი მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის ხსენებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჯვრის მნიშვნელობაზე. როდესაც წმინდა ჯვარს თაყვანსა ვცემთ, ამით თვით ღმერთსა ვცემთ თაყვანს, რადგან ჯვარი არის თვით ღმერთის, ყოვლადწმინდა სამების ნიშანი და სიმბოლო. ამაზე მეტყველებენ ჩვენი საეკლესიო ლოცვები და საგალობლები, სადაც ნათქვამია, რომ ჯვარი არის სამგვამოვანი ღმერთის ხატი.
მაშასადამე, როდესაც ლოცვებში წმინდა ჯვარს მივმართავთ, ჩვენ მივმართავთ მას, როგორც წმინდა სამების სიმბოლოს და ნიშანს.
რატომ არის ასე? - იმიტომ, რომ ღმერთი არის სიყვარული, ყოვლადწმინდა სამება არის მამა ღმერთის სიყვარული ძე ღმერთისადმი, მამა ღმერთისა და ძე ღმერთის სიყვარული სულიწმინდა ღმერთისადმი, ეს არის ერთ ღმერთში სამი ჰიპოსტასის ურთიერთსიყვარული.
ამ საღვთო სიყვარულით შექმნილ სამყაროში მამა ღმერთი აგზავნის თავის მხოლოდშობილ ძეს, ძე ღმერთს, რომელიც ცხოვრობს ამ დედამიწაზე, როგორც ადამიანი, როგორც ძე ღმერთი და ცხოვრობს ისეთი ცხოვრებით, რომელიც ცხადად წარმოაჩენს ღმერთის სიყვარულს კაცობრიობისა და ყოველი ადამიანისადმი. მან სრულად შესწირა თავისი თავი ადამიანის მსახურებას, ადამიანისა და ღმერთის სიყვარულს. სწორედ ამიტომ არის ჯვარი ასეთი ცხადი ნიშანი საღვთო სიყვარულისა. ამიტომ, როდესაც თაყვანსა ვცემთ წმინდა ჯვარს, ხეს ან ფიცარს კი არ ვეთაყვანებით, არამედ - თვით ყოვლადწმინდა სამებას, ღმერთს, რომელიც არის სიყვარული.
უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა მცნება, რომ ავიღოთ ჩვენი ჯვარი და ასე ვიაროთ ამ ცხოვრებაში. ე. ი. მხოლოდ ის შეძლებს იყოს ქრისტიანი, ვინც თავის ჯვარს აიღებს და ქრისტეს შეუდგება. ეს ჯვარი არის სიყვარულის ჯვარი, ძმებო და დებო, ღვთისა და ადამიანის თავგანწირული სიყვარულის ჯვარი, რადგან სხვანაირი სიყვარული არც არსებობს, ნამდვილი სიყვარული მხოლოდ თავგანწირვას გულისხმობს. სიყვარულის აზრი და მთელი სიხარული მისი მდგომარეობს ამ თავგანწირვაში. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჩვენი სიყვარული ღვთისა და ადამიანისადმი; სწორედ ასეთი სიყვარულით შეიძლება ვცხონდეთ; მხოლოდ ასეთი სიყვარულით შეიძლება ჩვენი ჯვარი ავიღოთ და ვიაროთ ამ ცხოვრების გზაზე.
წმინდა ჯვარს აქვს დიდი ძალა. უფალმა ინება, რომ ჯვრიდან მოგვცეს საღვთო ძალა. როდესაც წმინდა ჯვარს ვემთხვევით, ჩვენ გვეძლევა უფლისგან ეს ძალა, რომელიც გვაძლიერებს, გვეხმარება ამ ცხოვრებაში, ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში, გვეხმარება ღვთისა და ადამიანისადმი სიყვარულში. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ვიცოდეთ. ამიტომ დღეს, როდესაც ვეამბორებით წმინდა ჯვარს, ვემთხვიოთ მას ამ განწყობით, დიდი მოწიწებით, ღვთისადმი მადლიერებით და იმ საღვთო ძალის რწმენით, რომელიც გვეძლევა ჯვრიდან და რომელიც გვაძლიერებს და გვაცხონებს.
ძვირფასო ძმებო და დებო, თქვენ იცით, რომ ჯვართამაღლებას დაემთხვა ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს შესრულდა 32 წელი სოხუმის დაცემიდან. ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ, საშინელ ომს, რომელსაც მოჰყვა ათი ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი, ასობით ათასი ადამიანის განდევნა თავისი მიწა-წყლიდან, სახლებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია, ანუ ეთნიკური ნიშნით მოხდა მათი განდევნა.
დღეს გადავიხდით პანაშვიდს, სადაც მოვიხსენებთ დაღუპულთა სულებს, როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებს, ასევე ცხინვალის რეგიონში დაღუპულებსაც, ჩვენს ძმებს და დებს.
იმედი გვაქვს, რომ ჯვრის ძალით და მადლით მოხდება ჩვენი დევნილების სახლებში დაბრუნება, აღდგება ის საუკუნოვანი ძმობა ჩვენსა და აფხაზებსა და ოსებს შორის და მოვესწრებით გამთლიანებულ და გაძლიერებულ საქართველოს“, - აღნიშნა მეუფე შიომ.