როდესაც „რუსთავი 2-ის“ გაძარცვაზე ბრალდება წაუყენა პროკურატურამ და გაასამართლა ნიკა გვარამია, ერთი ამბავი ატეხეს - პოლიტპატიმარიაო, ახლა თვითონვე ამბობენ, რომ თურმე გაუძარცვავს - თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის შიგნით მიმდინარე დაპირისპირება ადასტურებს, რომ მმართველი გუნდი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. მისი შეფასებით, ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გაძარცვაში ბრალდებულ გვარამიას პოლიტპატიმარს უწოდებდნენ, ახლა თავადვე ადასტურებენ მის დანაშაულს.

"როდესაც "რუსთავი 2-ის" გაძარცვაზე ბრალდება წაუყენა პროკურატურამ და გაასამართლა ხსენებული პირი, ნიკა გვარამია, ერთი ამბავი ატეხეს - პოლიტპატიმარიაო. ახლა თვითონვე ამბობენ, რომ თურმე გაუძარცვავს.

ესე იგი, ტყუილს არ ვამბობდით, ხომ? როგორც წესი, რაღაცას რომ ვიტყვით ხოლმე, ატეხენ ერთ ამბავს, გავა რაღაცა პერიოდი და მერე თვითონ ამბობენ იმავეს და აღმოჩნდება, რომ სიმართლეს ვეუბნებოდით.

ახლაც ვამბობთ, რომ ეს ხალხი არის უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული, მომართული. როგორც ჩანს, იქაც სხვადასხვა წრეებია.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ ადამიანურად ვერ იტანენ ერთმანეთს. ერთი პატრონი ჰყავთ, თითქოს ერთი ადგილიდან მომდინარეობს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოუვათ დირექტივა, რომ ერთად იყვნენ, ერთი თვეც კი ვერ ძლებენ ერთად.

შეგიძლიათ თქვენი არქივი გადაშალოთ და ნახოთ, რამდენი ხნის წინ გითხარით, რომ ესენი ერთმანეთთან ვერ გაძლებენ და დაიშლებიან და დაჭამენ ერთმანეთს, ხომ? მაშინ ვიღაცებმა მიპასუხეს, რომ რას ამბობ, აგერ ჩვენ მთელი სერიოზულობით შევიკრიბეთ ქართველი ერის გადასარჩენად. შეკრებილან სერიოზულად? არა, რა თქმა უნდა," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

ცნობისთვის: ყოფილ თანაგუნდელებს - მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას, ასევე მათ პარტიულ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება ბოლო დღეებში უკიდურესად გამწვავდა. მხარეები სოციალურ ქსელში ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პარტია "ახალის" ლიდერი ტელეკომპანიების - "რუსთავი 2-ისა" და "მთავარი არხის", ასევე უშუალოდ პარტიის გაძარცვაში დაადანაშაულეს.