ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ
1746732219
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
მისი განცხადებით, ქვეყანაში დასაქმების პოლიტიკის საკითხებს სამინისტროსთან არსებული სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო წარმართავს, რომელიც თავის მხრივ, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედებს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სააგენტო დასაქმების პოლიტიკას შესაბამისი პროგრამებით და ქვეპროგრამებით ახორციელებს და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან აქტიურ კომუნიკაციაშია.
მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში გატარებული სამუშაოების შესახებ სტატისტიკური მონაცემები წარადგინა და თითოეული პროგრამის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.
დასაქმების პოლიტიკის მიმართულებებზე დარგების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.
სხდომაზე კომიტეტის წევრები 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს გაეცნენ, რომელზეც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 %, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 9.3 % შეადგინა.
„საგარეო ვაჭრობამ 5 618.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა და პირველი კვარტლის მონაცემებით, 16.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საგარეო სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს ტურიზმი წარმოადგენს. 2025 წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 826.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.3 პროცენტით (18.3 მლნ აშშ დოლარით მეტი) მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილემ ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 6 541 162.8 ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%.
მისი ინფორმაციით, პრივატიზაციიდან მიღებული თანხების და ვალების დაბრუნების კუთხითაც საანგარიშო პერიოდში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებია.
2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5 581 211.3 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 5 700 392.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%.
გიორგი კაკაურიძის თქმით, საანგარიშო პერიოდში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 105%-ს შეადგენს და ასევე მაღალია მუნიციპალიტეტებში ტრანსფერების გადარიცხვის მაჩვენებლები.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის მაჩვენებლებზე ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რომელმაც ძირითადი ყურადღება სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რეგიონებში მიმდინარე საგზაო და საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობასა და წელს დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილა.
კომიტეტმა ბიუჯეტის შესრულების სამი თვის ანგარიში დადებითად შეაფასა.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2024 წლის ანგარიში, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა წარადგინა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.