ვრცელდება ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალები
1766947137
ერთი სახეობის პროდუქტი, თითქმის იდენტური ფასები და მოგების მსგავსი მარჟა - უკვე წლებია, რაც საქართველოში მოქმედ ქსელურ მარკეტებს ერთმანეთისგან მხოლოდ სახელწოდება განასხვავებს. როცა საცალო ვაჭრობის ცნობილ ობიექტებში ზეთი, შაქარი, კვერცხი და რძის პროდუქტები ერთდროულად ძვირდება, ეს დამთხვევაა თუ მთავარ მოთამაშეებს შორის წინასწარ შეთანხმებული გარიგება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ახლა ერთდროულად სამი უწყება შეეცდება - კონკურენციის სააგენტო, ანტიკორუფციული სამსახური და პარლამენტი, სადაც ფასების ხელოვნური ზრდის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
სურსათზე ფასების შემცირების ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი კობახიძემ პირადად გაახმოვანა ის, რასაც უკვე დიდი ხანია საზოგადოება საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქტების ფასები მნიშვნელოვნად აღემატება ევროპულ ფასებს. სპეციალურ ვიდეო მიმართვაში მთავრობის მეთაურმა კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.
თუ პროდუქტის ღირებულება ყველგან მსგავსია - ეს ჯანსაღი კონკურენციაა თუ გარიგება? ვინ ადგენს ფასს პირველადი საჭიროების სურსათზე - თავისუფალი ბაზარი თუ რამდენიმე მსხვილი მოთამაშე? კითხვები ბევრია, პასუხები კი იმ დახლებზეც კარგად იკითხები, სადაც ჩანს, რომ ქართულ სასურსათო მაღაზიებში ერთი და იმავე სახეობის პროდუქტი ზოგჯერ 10-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.
ქართულ და ევროპულ დახლებზე უჩვეულოდ მაღალი ფასთა სხვაობა, სავარაუდოდ, კარგად ორგანიზებულ კარტელზე მიუთითებს - ასეთია იმ მომხმარებლების აზრი, რომლებსაც საცალო ვაჭრობის ობიექტებზე გაზრდილი ფასები ხვდებათ. თუ მთავრობა პრობლემის მოგვარებაში ჩაერთვება, იმედია აქვთ, რომ ფასები დაიკლებს.
ფასები გაზრდილია რუსული წარმოების პროდუქტებზე, მათ შორის, ტკბილეულზე და ე.წ. სნექებზეც, რომელთა ძირითადი შემომტანი "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახთან დაკავშირებული კომპანია "შპს მეგაკო თრეიდია". სწორედ ხაზარაძეების ოჯახს შემოაქვს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა "იუბილეინოეს" ორცხობილა, "ბარნის" ბისკვიტი, შოკოლადი "კორონა" და სხვა ცნობილი პროდუქცია.
პროდუქტებზე ფასების კლების სამთავრობო ინიციატივა არ მოსწონთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ფასების კლების იდეას ბიზნესზე ზეწოლის მცდელობად აფასებენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია არჩევანს მოქალაქეების ინტერესების ნაცვლად, მაღალ ფასებზე და დისტრიბუტორთა ნაწილის ინტერესებზე აკეთებს.
ფასების ნორმალიზების მიზნით ერთდროულად რამდენიმე უწყება უკვე მუშაობს. საკანონმდებლო ორგანო სპეციალური კომისიის შესაქმნელად ემზადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მოძიებას იწყებს, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.