ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
1795189623
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გადის.
ის ასევე გამოეხმაურა რადიკალების მხრიდან კრიტიკას, რომელიც ამ შეხვედრის მიმართ ისმის და აღნიშნა, რომ ახლა ამ შეხვედრას ის რადიკალები აკრიტიკებენ, რომლებიც ოკუპაციის დროს რუსეთის მოკავშირეები იყვნენ და რუსეთთან ერთად საქართველოს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში ებრძოდნენ.
„ის ადამიანები გამოდიან ახლა კრიტიკით, ვინც ოკუპაციის დროს იყვნენ რუსეთის მოკავშირეები. ის ადამიანები, ვინც ყველა კრიტიკული ეკონომიკური ობიექტი გადასცა რუსეთს. ერთი ხელით თითქოს ებრძოდნენ და მეორე ხელით ფაქტობრივად მათ მორჩილებაში იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მათი გავლენა გაეძლიერებინათ საქართველოში. ის ადამიანები, ვინც გვებრძოდნენ რუსეთთან ერთად სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოში. ესენი არიან „ნაცები“ და მათთან აფილირებული ადამიანები. აი, ისინი, ვისი სასამართლოც იმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ ნიურნბერგის სასამართლო შეგვიძლია დავარქვათ. ახლა ეს ადამიანები გამოდიან კრიტიკით, რომ თითქოს მათ რაიმე ეროვნულზე გული შესტკიოდეთ. ეს არის კიდევ ერთი ფარსი და ამორალურობა მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე არ არის საუბარი და ვამაყობთ იმ საქმეებით, რომლებითაც ჩვენმა ქვეყანამ დავამარცხეთ რუსეთის ფედერაცია. ეს საქმეები იყო მნიშვნელოვანი და პრეცედენტული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, ვისაც ოკუპაციის პრობლემა უდგას წინ. ეს გამარჯვება ჩვენ მათთვისაც მოვიპოვეთ. დიპლომატიის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გადის. სხვანაირად ვერ იქნება. ეს პოზიცია ჩვენ გაცხადებული გვაქვს პირველივე დღიდან, არასდროს შეგვიცვლია, იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის გადამწყვეტი, რომ შეიცვალოს ეს პოზიცია. რაც შეეხება დიალოგს ეკონომიკურ საკითხებზე, ეს ლოგიკურია და, პირიქით, საინტერესოც უნდა იყოს. ჩვენ ყოველთვის თანმიმდევრულები, ღიები და გულწრფელები ვართ ჩვენი საზოგადოების მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და კულუარებში არ ვმოქმედებთ, განსხვავებით რადიკალებისგან, რომლებსაც სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ“, — აღნიშნა იონათამიშვილმა.