რატი იონათამიშვილი ევროკავშირის ელჩის ციხეში გაგზავნილ წერილზე: ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს

რატი იონათამიშვილი

ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, ამით შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

წამყვანმა მას ევროპელი პარტნიორებისგან 4 ოქტომბრის მოვლენებზე დუმილის და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ზვიად ცეცხლაძისთვის საპატიმროში წერილის გაგზავნის შეფასება სთხოვა.

„ევრობიუროკრატების მხრიდან დუმილის ყოველი დღე - ეს არის აღიარებითი ჩვენება იმისა, რომ საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების, სახელმწიფო დამხობის და პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი იერიშის უკან ზუსტად ევრობიუროკრატები დგანან. ფაქტობრივად ამ დუმილით ხელიდან უშვებენ შანსს, რომ ევროპულ სტანდარტებს და ღირებულებებს დაუბრუნდნენ, ვინაიდან რადიკალიზმი, ძალადობა ევროპული არ არის. ეს შეიძლება დამახასიათებელი იყოს შიდა ტერორისტებისთვის, „დიფ სთეითისთვის“, მაგრამ არა - ჭეშმარიტი ევროპისთვის.

რაც შეეხება წერილს, ევროპაში სამართლებრივი შეფასების უფლება ევროპულ სასამართლოს აქვს. როდესაც დიპლომატი გამოდის და სამართლებრივად აფასებს, ამით შეურაცხყოფას აყენებს თავის დიპლომატიურ მანდატს. საქართველოში ევრობიუროკრატები არა კანონის მხარეს, არამედ კრიმინალის მხარეს დგებიან. იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლისთვისაც მისაღებია ზემოდან ქვევით ყურება, დავალებების უსიტყვოდ შესრულება და ცალ ფეხზე დგომა, ეს სულ რამდენიმე ათეული აკაცუკების ჯგუფია, რომლებიც ქართველი ხალხის აზრს ვერასდროს გამოხატავენ, მაგრამ გამოხატავენ მიდრეკილებას კრიმინალის მხარეს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ევროკავშირის ელჩი, რომელიც „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს არასდროს პასუხობს, დამნაშავეებს საპატიმროებში წერილებს უგზავნის. ელჩი მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძისთვის მიწერილ წერილში ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს დაკავებულები.