რატი იონათამიშვილი: ჩვენ რომ თუთიყუშის ოპოზიცია გვყავდა, ეს დიდი ხანია ვიცოდით, მაგრამ BBC-ი თუ თუთიყუშის მედია გახდებოდა, არ გვეგონა - დღეს BBC-ი „ნედის“ დონეზე დასულ ინსტრუმენტად იქცა

რატი იონათამიშვილი

ჩვენ რომ თუთიყუშის ოპოზიცია გვყავდა, ეს დიდი ხანია ვიცოდით, მაგრამ BBC-ი თუ თუთიყუშის მედია გახდებოდა არ გვეგონა და ეს არის სამწუხარო ფაქტი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, დღეს BBC-ი „ნედის“ დონეზე დასულ ინსტრუმენტად იქცა.

„ზუსტად იდენტური პროცესები მოხდა, როდესაც დონალდ ტრამპისგან BBC-ის სკანდალთან დაკავშირებით გახდა ცნობილი. ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც, ასევე დოკუმენტური ფილმი მოამზადა BBC-იმ, იქ განგებ მოხდა ტრამპის სიტყვების დამახინჯება. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ამერიკაში პრეზიდენტის არჩევნები ტარდებოდა და ამ დოკუმენტურ ფილმს, როგორც ჩანს თავისი გარკვეული მიზნებიც ჰქონდა, რომ ამ ფალსიფიკაციით გარკვეული გავლენა მოეხდინა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას შემდეგ, როდესაც ეს ვერ მოხდა, იძულებული გახდნენ BBC-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გენერალური დირექტორი გადამდგარიყვნენ, მაგრამ გადადგომა BBC-ის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. აშშ-ს პრეზიდენტი BBC-ის უჩივის კიდეც.

ახლაც, ზუსტად ანალოგიური პროცესებია ის, რასაც საქართველოს მაგალითზე ვხედავთ. დოკუმენტური ფილმი წარმოადგენს შეგნებულ ფალსიფიკაციას და მასაც წინასწარ განსაზღვრული, მზაკვრული მიზნები გააჩნია. ვინც ამ BBC-ის ფალსიფიკაციის უკან დგას, მათთვის BBC-ი ისეთივე ინსტრუმენტია, რაც წლების წინ ცალკეული ჯგუფებისთვის იყო „ნედი“ ან „იუესეიდი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.