ქუთაისის ტექნოჰაბის პროექტი საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადია, რომ ვყალიბდებით მთავარი მიზიდულობის ცენტრად რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპების მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი

ირაკლი ნადარეიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები, როგორც საინჟინრო კომუნიკაციების, ასევე მოპირკეთების ნაწილში. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება.

"ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი არის საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ამბიციური განაცხადი, რომ ვყალიბდებით მთავარ მიზიდულობის ცენტრად რეგიონში ტექნოლოგიების, ინოვაციების და სტარტაპების მიმართულებით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, ტექნოლოგიურ ჰაბში ამოქმედდება ტექნოლოგიური მუზეუმი, ასევე ტექნოლოგიური სკოლა ბავშვებისთვის, საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ასევე საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი.

"საერთო ჯამში, ყოველივე საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო სერვისების, სტარტაპების და ინოვატორების გაძლიერების მიმართულებით,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ბოლო ეტაპზეა შენობის სახურავზე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუდმივი მედია განათების ინსტალაციის მოწყობა, ასევე დასრულდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმისთვის ინტერაქტიული ექსპონატების მოწოდება. მათი მონტაჟი მუზეუმის სივრცის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ იგეგმება.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მიზნად ისახავს ინოვაციების, განათლებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეგიონში მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საქმიანობების განვითარებას.