თენგიზ შარმანაშვილი: „ლელოს“ არანაირი რესურსი არ აქვს, იმედი აქვთ, რომ ისევ თავისი პატრონების ნებას აღასრულებენ, მაგრამ ის პატრონებიც ალბათ დიდად პატივს აღარ სცემენ ასეთ არასერიოზულ ხალხს

თენგიზ შარმანაშვილი

„ლელოს“ არანაირი რესურსი არ აქვს. რაღაცის იმედი კიდევ ექნებოდათ, თუ ქართველ ხალხთან ერთად იმუშავებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, „ლელოში“ ერთადერთი იმის იმედი აქვთ, რომ „ისევ თავიანთი პატრონების ნებას აღასრულებენ, მაგრამ ის პატრონებიც ალბათ დიდად პატივს აღარ სცემენ ასეთ არასერიოზულ ხალხს“.

„ისინი არასდროს, არც საპარლამენტო არჩევნების დროს არ მუშაობდნენ ინტენსიურად, ადგილობრივ არჩევნებზე საერთოდ სასაცილო ნაბიჯები გადადგეს, საერთოდ წავიდნენ ქვეყნიდან და ადგილობრივ არჩევნებს ბერლინში ატარებდნენ. ასეთ ადამიანებს რა რესურსი უნდა ჰქონდეთ?! ნულოვანი რესურსი აქვთ. თავიანთ ნამოქმედარს თუ კარგად დაუკვირდებიან, იმედგაცრუება მხოლოდ მათმა ერთობამ არ გამოიწვია. მათი ერთობაც სასაცილო იყო. ისეთი ურთიერთგამომრიცხავი ადამიანები შეიკრიბნენ, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ერთმანეთისადმი რა დამოკიდებულება ჰქონდათ. თავიანთ სიაში ჩაწერეს ადამიანები, რომლებიც უკანასკნელი სიტყვებით საჯაროდ აგინებდნენ ტელევიზიის ეთერში და რა ტიპის დანაშაულში აღარ სდებდნენ ერთმანეთს ბრალს. შემდეგ ამომრჩევლისთვის დაუჯერებელი და ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ეს ადამიანები ერთად რამეს კარგს გააკეთებდნენ. გინდ ერთად ყოფნა, გინდ ცალკე ყოფნა, არაფრის მომტანია. საკუთარი თავი ყველაზე მეტად იმით დაიზარალეს, რომ ამომრჩევლები მოატყუეს და „გადააგდეს““, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, ამომრჩეველი როდესაც მანდატს მოგცემს, ხალხი პარლამენტში უნდა წარმოადგინო და ხელისუფლებას ოპონირება გაუწიო.

„შენი ამომრჩევლების გარკვეული რაოდენობა როდესაც მანდატს გაძლევს, თუ ხელისუფლებაში ვერ მოხვალ, იმას არ ნიშნავს, ეს მანდატი წყალში მოისროლო და უთხრა, აღარაფერი მაინტერესებს. კეთილი ინებე, ის ხალხი წარმოადგინე, ვინც შენ ხმა მოგცა, შედი პარლამენტში, იმუშავე და ხელისუფლებას ოპონირება გაუწიე. ეს არ გააკეთეს და წავიდნენ ქვეყნის გარეთ არსებული თავიანთი პატრონების ჭკუაზე და ამომრჩეველს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამომრჩევლები და ჩვენ, ქართველი ხალხი მათ რომ საერთოდ არ ვაინტერესებთ, მერეც კარგად დავინახეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობდა, თბილისის მერობის კანდიდატი ჰყავდათ, საარჩევნო დღემდე ორი კვირა იყო დარჩენილი, მაშინ, როდესაც ყველაზე ინტენსიურად უნდა იმუშაონ, თავის კანდიდატს ხელი მოჰკიდეს და წავიდნენ ბერლინში, ბრიუსელში – ყველგან, გარდა ზუგდიდის, ჩხოროწყუს, თელავისა. ეს ხალხი არაფრად აგდებს ქართველი ამომრჩევლის და საქართველოს მოქალაქეების აზრს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

„ძლიერმა საქართველომ – ლელომ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „მზად ვართ კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გავაგრძელებთ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი“.