"ქართული ოცნების" გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მხარდაჭერილია საზოგადოების მხრიდან" - არჩილ გორდულაძე გრანტების შესახებ კანონზე

არჩილ გორდულაძე

გრანტების შესახებ და თანმდევ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცებულია - საკითხზე კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე გუშინ დღის ბოლოს შედგა.

სესიაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ შეზღუდვა გრანტებთან მიმართებით შეეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან პოლიტიკური მიზნით ფინანსდებიან და რომ ცვლილებების ერთადერთი მიზანი, უცხოური გავლენის, ინტერესებისა და ფინანსებისგან საქართველოს დაცვაა.

ასევე, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდება. კანონდარღვევა ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილების მიზანია, გაკონტროლდეს გარედან მიღებული თანხების ბრუნვა ქართულ პოლიტიკაში.

"ქართული ოცნების" გუნდის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მხარდაჭერილია საზოგადოების მხრიდან, რისი დასტურიც არის 2024-2025 წლის არჩევნები. სწორედ ამ ლეგიტიმაციით გვაქვს არა თუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. შეგვაქვს ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში, რათა შავი ფულის ტრიალი, გარედან მიღებული თანხების ბრუნვა ქართულ პოლიტიკაში, ერთხელ და სამუდამოდ იყოს კონტროლს დაქვემდებარებული და არ იყოს გატარებული უცხო ინტერესები", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.