ივნისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1780086908
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. რიგით მე-8 კონფერენცია დღეს სიღნაღში გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.
ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ბორდის წევრებმა კახეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე შეხვედრა გამართეს.
დასაქმება და განათლება იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე განსახილველი თემა იყო ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე, რეგიონის და ქალაქის განვითარების მიმართულებები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გეოპოლიტიკურ საკითხებსაც, ასევე იმ ყოველდღიურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები დგანან, როგორიც არის ახალგაზრდული ცენტრების მოწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი სივრცის შექმნის მნიშვნელობას, სადაც ახალგაზრდები საკუთარ საჭიროებებსა და პრობლემებზე ღიად და თავისუფლად ისაუბრებენ.
„ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული ფილმი არის „ფესვები“ და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად კარგად ჩანს, თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო. სიმბოლურია, რომ თვითონ სიტყვა „სამშობლოც“ სხვა არცერთ ენაზე კარგად არ ითარგმნება. ინგლისურად, ფრანგულად არ მოსდევს იმავენაირი სიმბოლური სიღრმე, რომელიც თვითონ სიტყვა „სამშობლოში“ ჩანს, ის პირდაპირი კავშირი სიტყვა „მშობელთან“.
ცხადია, ბევრი პრობლემის გადაჭრა მოითხოვს დროს, მოითხოვს მდგრად სიტუაციას ქვეყანაში, აუცილებელი ფაქტორი ამისთვის არის მშვიდობა. დღეს რამდენი საინტერესო პროექტი მოვისმინეთ, რამდენი საინტერესო იდეა მოვისმინეთ აკადემიური, კულტურული კუთხით, დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია აუცილებლად გაუწევს შუამდგომლობას თითოეულ პროექტს. ეცდება, რომ დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს ძალიან მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა და პირიქით, არ არსებობდეს წასვლის სურვილი. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება ბევრ რამეს, დრო სჭირდება ბევრ პროექტს, მაგრამ ამისთვის ესენციალური და ფუნდამენტური არის სტაბილური მდგომარეობა, მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც მადლობა ღმერთს გვაქვს და თავისთავად ვეცდებით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ეცდება, მეც პირადადაც თუ რამე შემიძლია, რომ თქვენს იდეებთან და პროექტებთან დაკავშირებით გვერდში დაგიდგეთ და ვეცადოთ, რომ ყველა კარგი იდეა და მოსაზრება განვახორციელოთ.“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
„დღეს საკმაოდ ბევრმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ვისაუბრებთ ყველა იმ საჭირო საკითხზე რაც მათთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით თბილისის დასკვნითი შეხვედრით და აუცილებლად გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას“- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
„ჩვენი შეხვედრები არ არის ერთჯერადი ხასიათის, არამედ ეს ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს შორის დაკანონდეს ჯანსაღი დიალოგი, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში. ვაპირებთ, დავბრუნდეთ თითოეულ რეგიონში სამუშაო პროცესში და გავიაროთ ის იდეები, რომლებიც ახალგაზრდების მიერ გაჟღერდა“- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
„კახეთის რეგიონში ვითარდება სპორტული მიმართულება, საგანმანათლებლო, პროფესიული მიმართულებები. ჩვენთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახალგაზრდებისგან მოვისმინოთ რამდენად ერგება აღნიშნული შესაძლებლობები ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს“- განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.
„გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ეფექტურად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, აჟღერებენ საკუთარ ხმას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და რაც მთავარია გვაჩვენა, რომ მსგავსი ღონისძიებები არის დისკუსიის უალტერნატივო საშუალება“- განაცხადა ნუგო შოშიაშვილმა.
„კონფერენციები არის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება ჩვენს შორის დისკუსიის გაჩენის. ვფიქრობ, იქ, სადაც არის ერთმანეთთან კამათი და დისკუსიის საშუალება სწორედ იქ გაჩნდება ჭეშმარიტება და ის იქნება მომავლის გასაღები, იმ ხიდჩატეხილობის აღდგენის უალტერნატივო საშუალება, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება ქართველ ახალგაზრდებს“- განაცხადა ანრი მეტრეველმა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო. კახეთის რეგიონის გარდა, შეხვედრები გაიმართა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.
ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები საქართველოს ათ რეგიონში იმართება და ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალგაზრდებს თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებში ხვდებიან. დასკვნით ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს.
ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.