პრეზიდენტი: ფეხბურთში რომ გადმოვიტანოთ და შევადაროთ „რეალ მადრიდს“, არგენტინის ნაკრებს, იმხელა რეიტინგი ჰქონდა „ბიბისის“, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, თავად „ბიბისიც“ მსხვერპლია

მიხეილ ყაველაშვილი

ფეხბურთში რომ გადმოვიტანოთ და შევადაროთ „რეალ მადრიდს“, არგენტინის ნაკრებს, იმხელა რეიტინგი ჰქონდა „ბიბისის“, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, თავად „ბიბისიც“ მსხვერპლია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტი „დიფ სთეითზე“ ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ეს ძალა მართავს ევრობიუროკრატიას.

„როგორ შეიძლება არ გაწუხებდეს დღევანდელი მდგომარეობა, ამაზე მქონდა საუბარი, ფილმებია გადაღებული, რამდენი გარდაცვლილი ჟურნალისტია, თავისი საქმისთვის შეწირული, რომ სიმართლისთვის ებრძოლა. ასე ახლოს ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან არასდროს ვყოფილვართ. ამდენი მედიასაშუალებაა. ნუთუ ერთს არ გაუჩნდა განსხვავებული შეხედულება, ჩამოვიდეს და ჩაწეროს აქ განსხვავებული აზრის მქონე. პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, საზოგადოებიდან ჩაიწეროს და მისცეს ეს ინფორმაცია ევროპელ მოქალაქეს და მან თავად შეაფასოს, მაგრამ ეს არის დახშული. ეს არის დემოკრატიის უკუსვლა, ეს ყველაფერი შეცვლილია. ამ თითქოს თავისუფლების, ფსევდო ლიბერალი ძალის ქვეშ მოყოლილი ევროპელი მოქალაქე, რომელსაც თითქოს კეთილდღეობა მისცეს, სოციალური, ხელფასები, ამ ყველაფრით უზრუნველყოფილი ადამიანი უცებ გახდა მსხვერპლი და მას ინფორმაცია აღარ მიეწოდება.

როგორ შეიძლება ეჭვი შეგეტანა, პირიქით, ისე ვიყავით განწყობილი. ახლა ფეხბურთში რომ გადმოვიტანოთ და შევადაროთ „რეალ მადრიდს“, არგენტინის ნაკრებს, იმხელა რეიტინგი ჰქონდა „ბიბისის“ და ასე მდარე რეპორტაჟს აკეთებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, თავად „ბიბისიც“ მსხვერპლია. აღარ ვმალავთ „დიფ სთეითს“. ყველა ღიად საუბრობს, რომ იმ ძალის, რომელსაც უნდა მთლიანად ეს პროცესი მართოს და მართავს კიდეც ევრობიუროკრატიას, მართავს „ბიბისის“ და მართავს ჩვენს საცოდავ რადიკალურ ფრთას. ეს ერთი ხაზია“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.