პრემიერი: ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული, სადაც ვნახავთ კანონის დარღვევას, მათ შორის, რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება

ირაკლი კობახიძე

კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც, ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაური მოუწოდებს ყველას, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა.

„შეაჩვიეს ენა ჩვენს სახელმწიფოს. არავის არ მივცემთ ამის საშუალებას. როგორც ვახსენე, კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც, ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა. ე მანდ, როგორც იტყვიან ჟარგონზე, არ აღმოჩნდნენ იქ, სადაც ვიღაც-ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული. არ შეიძლება კანონი ასე მარტივად დაარღვიოს ადამიანმა. სადაც ვნახავთ კანონის დარღვევას, მათ შორის, რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება”, - განაცხადა პრემიერმა.