625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ჩაქუჩი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ ზინოკო ქობალიას განცხადებით, ეროვნული ბანკიდან ამოღებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად უპრეცედენტო ოდენობის თანხა გაათეთრა, რამაც ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკასა და სახელმწიფო ინტერესებს.

მისივე თქმით, დაახლოებით 58 მილიარდი რუბლის გათეთრება 2022-2024 წლებში უწყვეტად ხორციელდებოდა, პროცესი კი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით იწყებოდა, შემდეგ თანხა გადამხურდავებელ ჯიხურებში ხვდებოდა და ბოლოს კომერციულ ბანკებში ირიცხებოდა.

დაცვის მხარე კი 50 000 ლარის გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ადვოკატ ედიშერ ქარჩავას თქმით, კოტორაშვილი შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო დანაშაულებრივ სქემაში ჩართული და პრობლემა კანონმდებლობისა და ბანკების სისტემურ ხარვეზებში უნდა მოიძებნოს.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის დუმილის უფლებას იყენებს. მოსამართლემ, შემდეგი სხდომა 10 ნოემბერს, 11:00 საათზე, ჩანიშნა.