პრემიერი ბერდია სიჭინავას: თქვენ იყავით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ - რატომ? როდესაც არ გინდა რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი

ირაკლი კობახიძე

თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი - რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ბერდია სიჭინავას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღიდან გახდა სამთავრობო აქტები გამჭვირვალე.

„რაც შეეხება ბატონ ბერდია სიჭინავას მიერ დასმულ საკითხებს, არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ. თქვენ იყავით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ერთი პერიოდი ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებდით, თქვენ დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი - რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი. ჩვენ გავხსენით სწორედ იმ დროს ჩაკეტილი სამართლებრივი აქტები. თქვენმა პარტიის თავმჯდომარემ და თქვენც იყავით ამის თანამონაწილე, ჩაკეტეთ სამთავრობო აქტების გამჭვირვალობა, რომელიც 2024 წლის 8 თებერვლიდან, ჩემი პრემიერ-მინისტრად საქმიანობის პირველივე დღეს მე გავხსენი. იყავით და გაგეკეთებინათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.