პრემიერი: ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით - მალე შეთანხმდება პუნქტები და საბოლოო ჯამში უცხოელი პარტნიორიც ჩაერთვება ამ პროექტის განხორციელებაში

ირაკლი კობახიძე

ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უცხოელ პარტნიორებთან თანხმდება კონკრეტული პუნქტები და ისინიც მალე ჩაერთვებიან პროექტის განხორციელებაში.

„მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ეს ვადებს არ ცვლის მარტივი მიზეზის გამო, პირველი ეტაპის სამუშაოები ისედაც თავის თავზე აქვს აღებული სახელმწიფოს. ასე იყო გათვალისწინებული იმ გეგმით, რომელიც თავის დროზე შემუშავდა დაღრმავების და ტალღმჭრელების შექმნის სამუშაოები ფინანსდება უშუალოდ სახელმწიფოს მიერ და ეს პროექტი გრძელდება. ამიტომ ვადებს არანაირად არ ცვლის ის მოლაპარაკებები, რომლებიც გრძელდება კონსორციუმთან. ბოლო ეტაპზე ვართ გასული, არის კიდევ პუნქტები შესათანხმებელი, თუმცა ვფიქრობთ, რომ მალე შეთანხმდება ეს პუნქტები და საბოლოო ჯამში უკვე უცხოელი პარტნიორიც ჩაერთვება ამ პროექტის განხორციელებაში. მანამდე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პროექტი გრძელდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.