პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება

პრემიერ-მინისტრ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება.

ამ ეტაპზე ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება.

პრემიერ-მინისტრი გაეცნო პროექტს, რომლის თანახმად კულტურის სახლი, სრულყოფილი რეაბილიტაციის შედეგად შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და ამავდროულად, ადაპტირებული იქნება თანამედროვე სტანდარტებთან.

„ამბროლაურის კულტურის სახლი არის უნიკალური შენობა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. აქ მოეწყობა მრავალი ფუნქციით დატვირთული სივრცეები. აქ იქნება როგორც თეატრალური წარმოდგენების სივრცე, ასევე სამუზეუმო სივრცე. უნიკალური ექსპონატები აქვს ამბროლაურის კულტურის სახლს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თანამედროვე სტანდარტების სივრცეში იყოს განთავსებული ყველა ეს შესაბამისი ფუნქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეაბილიტაციის შედეგად შენობა გახდება მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი, რომელიც სახალხო თეატრის, ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეებს გააერთიანებს.