„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
პირველი აგვისტოდან ანაზღაურებადი მრჩევლის თანამდებობა უქმდება. ყველა იმ სისტემაში, სადაც სახელმწიფოს აქვს თავისი წილობრივი მონაწილეობა, მრჩევლებს ხელფასს აღარ გადაუხდიან. აღნიშნულს ითვალისწინებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით, 81 ხმით მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, პირი მრჩევლის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად, ასევე დაზუსტებულია, რომ საჯარო მოსამსახურე შეიძლება ახორციელებდეს მრჩევლის უფლებამოსილებას მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში და ერთისა და იმავე პირის მრჩევლად მიღება სხვადასხვა საჯარო დაწესებულების სისტემაში დაუშვებელია.
საკონანმდებლო ცვლილებები პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დავით მათიკაშვილმა განმარტა.
„ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში – ანაზღაურებადი მრჩევლის თანამდებობა აღარ იარსებებს, ანუ მრჩეველი, მრჩევლის სტატუსი, მრჩევლის სამსახური ამ კანონის ამოქმედების შემდგომ, კონკრეტული თარიღების და კონკრეტული გამონაკლისების გათვალიწინებით, აღარ იქნება ანაზღაურებადი. საჯარო სამსახურის შესახებ კანონს ემატება მეცხრე (სეკუნდა) თავი, რომლითაც განისაზღვრება მრჩევლის სამსახურში მიღების, საქმიანობისა და ანაზღაურების წესი. პროექტის თანახმად, პირი, რომლის უფლებამოსილება მოიცავს სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირისთვის მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვადახვა საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ რჩევების მიცემას, საჯარო სამსახურში მიიღება მრჩევლად.
პროექტით დაზუსტებულია, რომ მრჩეველი არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება კანონის მოქმედება, გარდა მოხელის სამსახურში მიღებისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ამ პროექტის მეცხრე სეკუნდა თავით გათვალისწინებული ნორმებისა. პირი მრჩევლად მიიღება ხელშეკრულების საფუძველზე.
პროექტი ითვალისწინებს ასევე ხელშეკრულების პირობებს, მისი მოქმედების ვადას და შეწყვეტის წესს. ასევე, შესაძლო განსხვავებული პრაქტიკის დანერგვის თავიდან აცილების მიზნით განსაზღვრულია, რომ მრჩეველთან გასაფორმებელი ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა დამტკიცდება მთავრობის დადგენილებით.
მრჩეველი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უსასყიდლოდ. ხაზს ვუსვამ, დაუშვებელია მრჩევლის საქმიანობის ანაზღაურება ფულადი ჯილდოს, ხელფასის, სახელფასო დანამატის ან სხვა რაიმე მატერიალური სარგებლის სახით. მრჩეველს აუნაზღაურდება მხოლოდ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები. მრჩევლის მივლინებაში გაგზავნის და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო სამსახურის მივლინებით გაგზავნისა და მივლინების ხარჯების ანაზღაურების დადგენილი წესი.
პირი მრჩევლის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად. ასევე დაზუსტებულია, რომ საჯარო მოსამსახურე შეიძლება ახორციელებდეს მრჩევლის უფლებამოსილებას მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ერთისა და იმავე პირის მრჩევლად მიღება სხვადასხვა საჯარო დაწესებულების სისტემაში დაუშვებელია. აღნიშნული რეგულაციები გავრცელდება ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა. პროექტის გარდამავალი ნორმით განისაზღვრება, რომ სამსახურში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, დასაქმებული პირები, რომელთა უფლებამოსილება მოიცავს სახელმწიფო მოსამსახურის, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირისთვის მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით რჩევების გაცემას, 2025 წლის პირველი აგვისტოდან გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან. პირველი აგვისტოდან მრჩევლები თავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან და ანაზღაურებადი მრჩევლის სამსახური აღარ იქნება ყველა იმ სისტემაში, სადაც სახელმწიფოს აქვს თავისი წილობრივი მონაწილეობა – საჯარო სამსახური თავისთავად, ასევე, სიპები და აიპები, დამატებულია აგრეთვე ის საწარმოები, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა არის 50% და მეტი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.