1759260719
პარლამენტში დღეს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა იწყება

მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დღეს ბიუროს სხდომაზე გავა და განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.
პროექტის მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს; ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის გაზრდილია სამინისტროს დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.
გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთათვის - 20 ლარით. განათლებისა და მეცნიერების სფეროებისთვის გამოყოფილია 3,4 მილიარდამდე ლარი.
2026 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იან ზრდას; ბიუჯეტი იზრდება ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ასევე, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის. გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა. 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში მიიღებს.
„ბიუჯეტი ყველა მიმართულებით გაზრდას ვერ შეძლებდა, ვერ მოვახერხებდით ამას, მაგრამ მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა [გვაქვს]. პენსიებზე იქნება მატება. ძალიან საინტერესოა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მრავალმილიონიანი პროექტი. სოციალური პროექტებია მისასალმებელი და, რასაკვირველია, ჩვენი სტრატეგიული მიმართულება - სატრანზიტო-სატრანსპორტო მაგისტრალები და კომუნიკაციები“, - აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.