1775053549
პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პლენარულ სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი პარტია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები გახდა, რომელიც მინიმალური ხელფასის დაწესებას და მისი 1000 ლარამდე განსაზღვრას ითვალისწინებს.
ცვლილებები დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ წარადგინა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ადამიანებს მონური ხელფასები აქვთ.
„ეკონომიკური ზრდა ჩვენც გვახარებს, მაგრამ რისთვის გვჭირდება ეკონომიკური ზრდა თუ ჩვენი მოქალაქეები ამას საკუთარ ჯიბეზე ვერ იგრძნობენ? იმისათვის, რომ ერთი და იმავე ოჯახები გამდიდრდნენ და საკუთარი ბიზნესები გაზარდონ? – როცა ბიზნესმენებს ასე თავგამოდებით იცავთ, ეჭვი გვაქვს, რომ მათ მოგებებს იცავთ. როცა თქვენს რიგებში ყოველი მეორე მილიონერია, მათთვის რთულად გასაგებია, როგორც შეიძლება, ადამიანებს დაბალი ხელფასი ჰქონდეთ. თქვენი ლანჩი 500 ლარია, ადამიანების ხელფასია ასეთი. ასე უტიფრად წირავთ ადამიანებს მონურად ექსპლუატაციისთვის“, – განაცხადა შარაშიძემ.
მისი ეს განცხადება პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ გააპროტესტა, რაც მათ შორის ცხარე კამათის და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
გიორგი შარაშიძეს უმრავლესობის სხვა წევრების დაუპირისპირდნენ და განაცხადეს, რომ პოპულიზმს ეწევა.











