1775058000
როგორ უნდა გაიგოთ ყიდვისას, ხორცი იმპორტირებულია თუ ადგილობრივ ფერმაში გაზრდილი - სპეციალისტის გაფრთხილება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორმა, თეა ჩალიგავა, გადაცემაში „შუადღე“ ხორცის სწორად შერჩევისა და შენახვის წესებზე ისაუბრა და მომხმარებლებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცა.
მისი თქმით, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი არაორგანიზებული ვაჭრობის ობიექტებში, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების — ხორცისა და ხორცპროდუქტების — შეძენისგან.
ინსპექტორის განმარტებით, ხორცის ყიდვისას აუცილებელია რამდენიმე ძირითადი პირობის დაცვა: პროდუქტი უნდა იყოს სუფთა, ჰიგიენურ გარემოში და დახურულ მაცივარში განთავსებული. მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის დაცვაც — ახალი ხორცი უნდა ინახებოდეს 2-დან 6 გრადუსამდე ტემპერატურაზე, ხოლო გაყინული — მინუს 18 გრადუსზე.
თეა ჩალიგავა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეტიკეტირების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს ინფორმაცია პროდუქტის შესახებ — სად არის დაკლული ცხოველი, არის თუ არა ხორცი იმპორტირებული და როდისაა წარმოებული.
სპეციალისტი ასევე ურჩევს მოქალაქეებს, რომ ხორცის შეძენის შემდეგ პროდუქტი დიდხანს არ ატარონ. „დილის საათებში ნაყიდი ხორცი საღამომდე არ უნდა დარჩეს მაცივრის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია თერმოჩანთის გამოყენება“, — აღნიშნავს ის.
ინსპექტორის თქმით, დაუშვებელია ერთხელ გაყინული ხორცის ხელახლა გაყინვა. თუ მომხმარებელი დიდი რაოდენობით ხორცს ყიდულობს, უმჯობესია, ის მცირე ულუფებად გაიყოს და მაშინვე გაიყინოს.
რაც შეეხება ხორცის გალღობას, რეკომენდებულია მისი ნელა გალღვობა მაცივარში, დაახლოებით 4 გრადუს ტემპერატურაზე. შეფუთული ხორცი შესაძლებელია გამდინარე წყლის ქვეშაც გალღვეს, ხოლო სწრაფი მოხმარების შემთხვევაში — მიკროტალღურ ღუმელში, უშუალოდ მომზადების წინ.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ როგორც ბიზნესოპერატორებს, ისე მომხმარებლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის დაცვაზე.











