პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

პატრიარქის ხსოვნა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II -ის ხსოვნას.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალება იყო დიდი მწუხარება ჩვენი ერისთვის, სახელმწიფოსთვის და ბევრისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მივიღეთ ბევრი სამძიმრის წერილი სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენი მეგობრებიდან, დიასპორიდან. ყველა, ვისაც ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოსთან ჰქონდა კავშირი, ამ მწუხარების თანაზიარი იყო. ჩვენ დღესაც პატივს მივაგებთ ადამიანს, რომლის სახელიც განუყოფლად არის დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს სულიერ და სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პატრიარქის მოღვაწეობა სცდება ეკლესიის ფარგლებს და წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის გამტკიცების ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელს.

„სწორედ, მის ღვაწლს და შრომას უკავშირდება სამი გარდამტეხი მოვლენა: პირველი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოო, საყოველთაო და რაც მთავარია, ღირსეული აღიარება, რომელიც იქცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მახარობლად თავის დროზე.

მეორე - სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების - კონკორდატის ხელმოწერა, რომელმაც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას შორის ურთიერთობას კონსტიტუციური რანგი მიანიჭა და მესამე - ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო სიმბოლოდ აღდგენა, რაც ჩვენი ისტორიული იდენტობის და სულიერი ერთობის გამოხატულება იყო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, 1999 წლის 27 აპრილს სწორედ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის ტრიბუნიდან, კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა პარლამენტს და ხმამაღლა მოუწოდა, რომ აღდგენილიყო ისტორიული დროშა, რაც საბოლოოდ განხორციელდა კიდეც.

„ეს სამი აქტი - რწმენის, სახელმწიფოს და ეროვნული სიმბოლოს გამთლიანება არის სწორედ პატრიარქის ეპოქის მთავარი მემკვიდრეობა და ამიტომ მისი ღვაწლი იქნება არა მხოლოდ წარსულის ნაწილი, არამედ თანმდევი ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი ეკლესიის და ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.