1780330229
პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ოტავასა და ტორონტოში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები კანადის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ კანადის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ფრენსის სკარპალეჯასთან.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვედრას გამართავს კანადის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადას ეწვევა.
შეხვედრები ასევე გაიმართება სენატისა და თემთა პალატის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო განვითარებისა და ვაჭრობის, ადამიანური რესურსებისა და სოციალური განვითარების კომიტეტებში. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელობასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრების მთავარ მიზანს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი საპარლამენტო კავშირების გაძლიერება, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვა წარმოადგენს.
ვიზიტის დასასრულს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას გამართავს კანადაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.









