პაპუაშვილის შეწყალების აქტზე: ვნახეთ რადიკალების ცრუ კამპანია, რომ თითქოს „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები უნდა შეეწყალებინა პრეზიდენტს. მთავარი საკითხიც ეს არის, რომ თავად წარმოშობენ ცრუ მოლოდინებს, შემდეგ ცრუ იმედგაცრუებას

 შალვა პაპუაშვილი

ვნახეთ რადიკალების ცრუ კამპანია, რომ თითქოს „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები უნდა შეეწყალებინა პრეზიდენტს. მთავარი საკითხიც ეს არის, რომ თავად წარმოშობენ ცრუ მოლოდინებს, შემდეგ ცრუ იმედგაცრუებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეწყალების აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შექმნილ აჟიოტაჟზე.

მისი თქმით, ოპოზიცია თავადვე ქმნის ცრუ მოლოდინებს.

„ეს გახლავთ პრეზიდენტის დისკრეცია, მისი სრული კონსტიტუციური პრეროგატივა. მნიშვნელოვანია მათ შორის მსჯავრდადებულებისთვისაც იმის გააზრება, რომ არ არსებობს შეწყალების მოთხოვნის უფლება, ეს არის დისკრეცია, რომელიც პრეზიდენტს აქვს და ის იღებს ამ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვნახეთ, ორი შეწყალება, რომელიც საკმაოდ მოცულობითიც იყო. ვნახეთ რეაქციები, ვნახეთ მედიის საშუალებით ასევე ოჯახები, რომლებსაც უხარიათ, რომ ხელახალი შანსი მიეცათ. და ვნახეთ ასევე, კვლავ რადიკალური ოპოზიციის, „ენჯეოების“ ცრუ კამპანია, რომელიც მათ ჰქონდათ წამოწყებული, რომ თითქოს „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები უნდა შეეწყალებინა პრეზიდენტს და რატომღაც ეს მოლოდინი თითქოს ვიღაცას ჰქონდა. მთავარი საკითხიც ეს არის, რომ თავად წარმოშობენ ცრუ მოლოდინებს, შემდეგ ცრუ იმედგაცრუებას და შემდეგ ამ ცრუ იმედგაცრუებაში თავად აღმოჩნდებიან ხოლმე. ასე, რომ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს თავისი რეალური სახე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.