პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრით ვამაყობ და თქვენ ამაზე მასამართლებთ? სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება რომ გვდომებოდა, ამას ვერ შევძლებდით?

პაატა ბურჭულაძე

4 ოქტომბერი ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე. მე ამით ვამაყობ და თქვენ ამაზე მასამართლებთ?, – ამის შესახებ განაცხადა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „4 ოქტომბერს 250 000 ადამიანმა მისცა ხმა ძალაუფლების დაბრუნებას“.

„ბატონო მოსამართლე, პროკუროეებო, მოდით, გავერკვეთ ერთ ვითარებაში, რას იძიებთ, რა მოხდა 4 ოქტომბერს თუ ვინ დააზიანა ღობე? უკვე ყველასთვის ნათელია, რომ მთელი ხმაური და დაკავება მხოლოდ ერთ ფაქტს ემსახურება, საქართველოს ისტორიაში პირველად სახალხო კრების, როგორც წარმატებული აქტის გადაფარვას და მის ძალადობად შერაცხვას. 4 ოქტომბერი ჩემს ცხოვრებაში იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე. ცხოვრებაში ბევრი ძალიან კარგი, წარმატებული დღე მქონია, 4 ოქტომბერი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. მე ამით ვამაყობ და თქვენ ამაზე მასამართლებთ? ეს გაუგებრობაა. ბრალს მდებთ შემდეგ პუნქტებში: დამხობა, ძალადობა, ძალადობისკენ მოწოდება, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება.

განვიხილოთ ეს საკითხები და თუ შევჯამდებით, რომ მე ვარ მართალი, დღეს ყველა უნდა გაუშვათ სახლში. მანახეთ ერთი ვიდეო მაინც, სადაც ძალადობისკენ ან ძალადობის ორგანიზებისკენ მოვუწოდებ. თუ ვერ მანახებთ, ე.ი. ეს მუხლი არის მოხსნილი. ვერ მანახებთ, რადგან ბუნებაში არ არსებობს. მეორე არის დამხობა – ყოველთვის ვამბობდი მშვიდობიან დამხობაზე, რომელიც შედგა. რა გგონიათ მშვიდობიანი დამხობა? დამხობა რაც არის, ხდება ირანში. ცეცხლშია მთელი ირანი. მშვიდობიანი დამხობა მოხდა რუსთაველზე 4 ოქტომბერს. 250 000 ადამიანმა მისცა ხმა იმას, რომ იბრუნებს ძალაუფლებას და ყველა ოდნავ მაინც თავმოყვარე მთავრობა უკვე გადამდგარი იქნებოდა. ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე თავს იწონებს, თითქოს მათ მილიონ 120 000-მა მისცა ხმა. დაუშვათ ასეა, მოდით, დავითვალოთ, რამდენმა მისცა ხმა 4 ოქტომბერს მათ გადადგომას? სულ მცირე, 250 000 ადამიანმა, რომელსაც ჰყავს, სულ მცირე, სამი ოჯახის წევრი. უამრავმა უფულობის გამო ვერ მოახერხა რაიონიდან ჩამოსვლა. აგრეთვე მილიონზე მეტმა ემიგრანტმა, რომელთა 92% ხელისუფლების წონააღმდეგ არის განწყობილი. რაც შეეხება სტრატეგიულ ობიექტს, თურმე ხელში ჩაგდება გვინდოდა. რომელიმეს სჯერა, რომ ასობით ათას ადამიანს ამ პატარა შენობის ხელში ჩაგდება რომ გვდომებოდა, ამას ვერ შევძლებდით? ვინ დაგვიდგებოდა წინ, ამის მსურველი რომ ყოფილიყო. ამდენი ხალმა მოადგა ამ პატარა შენობას და ის ვერ აიღეს?

ყველაზე კარგად 4 ოქტომბრის მნიშვნელობა გაიაზრა ივანიშვლის „ოცნებამ“.  ამიტომაც იმაზე კი არ აკეთებენ აქცენტს, რომ თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე მყოფმა ხლახმა ხმა მისცა მათ გადადგომას, არამედ სპეციალურად გადააქვთ ყურადღება ღობეზე, რომელიც წინასწარ გადაჭრილი დაგვხვდა. ეს საკითხი რომ მნიშვნელოვანი გამხდარიყო, ღობის საქმეზე დააკავეს 60-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი. მაინცდამაიც ღობის ამბავი თუ გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა დაიბაროთ ქვეყნის პრემიერი, რომელმაც ტელევიზიით მისცა აღიარებითი ჩვენება, იქ ჩვენ სიურპრიზს დავახვედრებთო. ტრამპი დაიბარეს სასამართლოში და მივიდა, თქვენც დაიბარეთ, ჰკითხეთ, რას ნიშნავს ნათქვამი, ჩვენ იქ დავახვედრებთ სიურპრიზს? რა სიურპრიზი იყო? ეს საკითხიც მოიხსნა. სამივე საკითხი მოხსნილია, რაც ჩვენ წინააღმდეგ იყო. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ისტორიული ეროვნული კრების ინიციატორი ვარ, სხვებს თავი დაანებეთ, მე გავუკეთე ორგანიზება. ზემოაღნიშნულის უფლება კონსტიტუციამ მომანიჭა. ისღა დაგრჩენიათ, მოიყვანოთ ცრუ მოწმეები, რომ მათ ფარულად, უკანონოდ ძალადობისკენ მოვუწოდე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.