ნინო წილოსანი: ვუყურებთ მილევად რეჟიმში მყოფ აქციას და ამ აქციის ფონზე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს

ნინო წილოსანი

გიჟური განცხადებები კეთდება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მომხრეების გასამხნევებლად, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილისა და ლევან ცუცქირიძის მიერ გუშინდელ აქციაზე გაკეთებულ განცხადებებს. მისივე შეფასებით, ეს აქცია მილევადი ხასიათისაა.

„ვუყურებთ მილევად რეჟიმში მყოფ აქციას და ამ აქციის ფონზე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს და ალტერნატიული რეალობის წარმოჩენას ცდილობს. გიჟური განცხადებები კეთდება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მომხრეების გასამხნევებლად და ამ ჭრილშიც რომ განვიხილოთ, მაინც სრულებით გონებას არის აცდენილი. რა თქმა უნდა ადამიანები, ვინც რუსთაველზე გამკაცრებული კანონის მიუხედავად მაინც გამოდიან, არიან ისინი ვინ წლების მანძილზე იღებდნენ სწორად ამ დესტრუქციული მოქმედებებისთვის და ექსტრემიზმისთვის დაფინანსებას. ამიტომ მათ როგორც ჩანს, ახლაც გარკვეული დაფინანსება აქვთ დაგროვილი და მისაღები, შესაბამისად ვითომ მათ ამ თავგანწირვას შეიძლება ვუწოდოთ დაფინანსებისა და ხელფასისთვის გაღებული თავგანწირვა“, - აღნიშნა წილოსანმა.

გუშინ, 27 ოქტომბერს გამართულ აქციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„კიდევ ცოტა გაუძლოს ჩვენმა გულმა და კიდევ მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება - ახალი არჩევნები, ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე“.

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ კი მოქალაქეებს „ახალი დემოკრატიული რიტუალის“ დამკვიდრება შესთავაზა.

„მინდა, შემოგთავაზოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაამკვიდროს ერთგვარი ახალი დემოკრატიული რიტუალი.

პირველი: თითოეულმა მოქალაქემ კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად გაატაროს რუსთაველზე, საპროტესტო კერაზე ან სხვა ქალაქებში;

მეორე - მხარი დაუჭირონ და დავაფინანსოთ, როგორც შეგვიძლია ის მამაცი ადვოკატები და იურისტები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები;

მესამე - შევუერთდეთ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, პატრიოტული, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები“, - განაცხადა ცუცქირიძემ.