ნინო წილოსანი საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნაზე: ფაქტია, რომ მას აქვს პოლიტიკა შეცვლილი. იმედია, რომ ეს ადამიანი კეთილგონივრულად მოექცევა საკუთარ ქვეყანას და ეს კეთილგონიერება საქართველოსთვისაც სასარგებლო იქნება

ნინო წილოსანი

ფაქტია, რომ მას აქვს პოლიტიკა შეცვლილი. იმედია, რომ ეს ადამიანი კეთილგონივრულად მოექცევა საკუთარ ქვეყანას და ეს კეთილგონიერება საქართველოსთვისაც სასარგებლო იქნება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელსაც ზელენსკი საქართველოსთან მიმართებით აკეთებდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან არაფერი შეცვლილა და ქვეყანა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა.

ნინო წილოსანის განცხადებით, კარგი იქნება თუ ზელენსკი ომის დასასრულებლად გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს.

„უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ ვხედავთ, რომ მას უკვე ხშირად ახსენებენ, მათ შორის ევროპელი ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები, რომ მას ომი წაგებული აქვს. რომ ის თანხები, რომელიც ამ ომის გამოსაკვებად მიდიოდა მასთან დიდი კორუფციული სქემის ნაწილია. ამ განცხადებების ფონზე და იმის ფონზე, რომ აშშ უკვე პირდაპირ ომის დასრულების და მშვიდობის დადგომის მომხრე არის, რა თქმა უნდა თავად ზელენსკის პოზიციონირებასაც ძალიან ასუსტებს. უმძიმესი იყო მისი ხილვა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მისგან და მისი ხელისუფლების შემადგენლობისგან არაფერი კარგი არ გვახსოვს ადამიანურად ნამდვილად მეცოდება, როგორ შევა ის ქვეყნის ისტორიაში, რა დამართა მან უკრაინას, რა ელის უკრაინას მომავალში. და ამ შედეგებს, რომელსაც ახლა შეიძლება პირდაპირ არ ჩანს, ისინი ათწლეულების მანძილზე და მთელი ისტორიის მანძილზე იწვნევენ. ის უმძიმეს და ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება.

თუმცა ნაბიჯი, რომელიც მან ახლა, ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით გადადგა საკმაოდ არათანმიმდევრულია ამ განცხადებებს თუ ჩავთვლით და ჩავთვლით იმას, რომ სრულებით უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ გაიწვია მან საქართველოდან ელჩი. ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მუდმივად მეგობრობის და პარტნიორობის რეჟიმში ვიყავით. ჩვენკენ არაფერი არ შეცვლილა. ფაქტია, რომ მას აქვს გარკვეული პოლიტიკა შეცვლილი. ჩვენთვის, ელჩი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქვეყანასთან საურთიერთობოდ. ამავდროულად, ჩვენ ნამდვილად ვგულშემატკივრობთ, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. იმედია, რომ ეს ადამიანი კეთილგონივრულად მოექცევა საკუთარ ქვეყანას და ეს კეთილგონიერება საქართველოსთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. იმიტომ, რომ რეგიონში ამხელა საომარი პროცესები მიმდინარეობს, ჩვენ მუდმივად ვართ რისკების ქვეშ, რომელსაც ვცდილობთ დავაღწიოთ თავი და ეს ქვეყანა არ გავხვიოთ ცეცხლის ალში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.