ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: უსასტიკესი ხალხია - ხომ ვხედავთ ერთმანეთთან, როგორ დაპირისპირებაში მოდიან და შეუძლიათ ისე გადაუარონ ერთმანეთს თვალი არ დაახამხამონ

ნინო წილოსანი

ეს არის უბადრუკი მოცემულობა, როდესაც ერთი მხრივ რადიკალები ცდილობენ, რომ გადაირჩინონ თავი წაგებულ ბრძოლაში და მეორე მხრივ, სხვები უფრო მეტად განულებულები და წაგებულები ესხმიან თავს და ჭამენ ერთმანეთს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა წამყვანის კითხვაზე - თუ რა პროცესები ვითარდება ახლა ოპოზიციაში, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირებას უკავშირდება.

ნინო წილოსანის თქმით, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებსაც დაუნდობლად შეუძლიათ ერთმანეთს „გადაუარონ“.

„უსასტიკესი ხალხია. ხომ ვხედავთ ერთმანეთთან, როგორ დაპირისპირებაში მოდიან და შეუძლიათ ისე გადაუარონ ერთმანეთს თვალი არ დაახამხამონ.

„ლელოსა“ და გახარიას პარტიის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ორგანიზმის ნაწილი არიან, თუმცა ამ ორმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ განსხვავებული პოლიტიკა აწარმოოს არჩევნებთან მიმართებით იმიტომ, რომ სრულად წაგებული აქვთ ყველა ბრძოლა. რევოლუციური სცენარი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის გალიდერება არ გამოუვიდათ. „რუსული ბანი“ წაგებიანი პროცესი არის და მან ერთხელ უკვე არჩევნებში სცადა ბედი და ჩამოეშალა ხუხულასავით ის პარტია, რომელიც ზურა გირჩი ჯაფარიძემ დაუშალა ის კოალიცია და ა.შ. ამ „დაფეილირბული“ ადამიანების შემადგენლობით ვერ გავლენ ფონს. ამიტომ ერთადერთ გამოსავლად რჩებათ, რომ დარჩნენ ნორმალურ, პოლიტიკურ ჩარჩოებში და ეს გულისხმობს, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად უნდა დარჩნენ სექტასავით, რომელიც ქუჩაში დაიარება და რაღაცას გიჟივით გაყვირის. ამ პოზაში არ აქვს სურვილი ბევრს, რომ დარჩეს და მცდელობა არის, რომ ლამაზად დაუბრუნდეს დემოკრატიულ ჩარჩოებს.

გასათვალისწინებელია, რომ არავის დაავიწყდეს, რომ „ლელო“ და გახარია ყოველთვის თამაშობდა „ნაციონალურ მოძრაობის“ თამაშს. საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწერდა ყველა დოკუმენტს ხელს. მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებაზე. ესენი არიან ადამიანები და პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც უარი თქვეს და სანაგვეზე გადაისროლეს საკუთარი ამომრჩევლის ხმები, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ სოლიდური ხმები დააგროვეს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციაში კრიზისი ღრმავდება. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა იზრდება. გახარიას პარტიისა და „ლელოს“ შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობაზე მინიშნებები „თავისუფლების მოედანმაც“ გააკეთა. ამ გადაწყვეტილებას ღალატად მიიჩნევენ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახალში“.