1761579368
ნინო წილოსანი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლაზე: თუ სურვილი აქვთ, რომ რაღაც ფორმით დაიმკვიდრონ თავი ქართულ პარლამენტში ერთადერთი, რაც მათ მოეთხოვებათ არის ის, რომ რეალურად იყვნენ ოპოზიცია და არა ვიღაცის დაქირავებული აგენტები
მე მგონი ჩვენ გამოვედით მონური იმ რაღაც იდეოლოგიური დამოკიდებულებიდან, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს ან არ ჩათვალოს, გადაწყვიტოს ან არ გადაწყვიტოს ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა. არავისგან ამის აღიარება არ არის საჭირო. ამ პარლამენტს ლეგიტიმურობას აძლევს ხალხი და მათი მხრიდან მიღებული მანდატები, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, გახარიას პარტიის წევრების განცხადებას, რომ პარლამენტში მათი შესვლა, მისი ლეგიტიმაციის აღიარებას არ ნიშნავს.
მისი თქმით, დიდი მოლოდინი იმის, რომ გახარიას პარტია შეძლებს რეალური ოპონირების გაწევას არ აქვს.
„ეს მათი პოლიტიკური ვალდებულება იყო, რომ პატივი ეცათ საკუთარი ამომრჩევლისთვის და დროულად შემოსულიყვნენ პარლამენტში. მით უფრო, რომ გახარია სრულიად უცნობი შემადგენლობით შემოდის და არა იმ ადამიანებით ვისაც მათმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. დაველოდოთ, როგორი იქნება მათი შემოსვლა და მათი საქმიანობა პარლამენტში. მეც საკმაოდ კრიტიკული ვიყავი მათთან მიმართებით, რადგან ყველაფერი ის, რაც მათ უმოქმედიათ ამ პერიოდის მანძილზე, ყველა ის მავნებლობა - „ნაცებთან“ გაერთიანება იდეოლოგიური, ფიზიკური, როგორც აქციების, ასევე, საკრებულოებში კოალიციების შექმნის თუ სხვადასხვა ფორმატებით რა თქმა უნდა არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მათთან დაკავშირებით. რასაც შეიძლება, რომ ოპტიმიზმი მოჰქონდეს ეს არის, რომ მათ შეასრულონ რეალური ოპოზიციის მოვალეობა. არ იყვნენ ისეთივე აბსურდში გადასული თავის ბრალდებებში თუ სხვადასხვა გამონათქვამებში, როგორიც აქამდე იყო. თუ მათ სურვილი აქვთ, რომ რაღაც ფორმით დაიმკვიდრონ თავი ქართულ პარლამენტში ერთადერთი, რაც მათ მოეთხოვებათ არის ის, რომ რეალურად იყვნენ ოპოზიცია და არა ვიღაცის დაქირავებული აგენტები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.










