1769284719
ნინო წილოსანი და მარიამ ლაშხი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდნენ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ნინო წილოსანი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრ მარიამ ლაშხთან ერთად, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, იშტვან იაკაბს შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
„საქართველო-უნგრეთის ურთიერთობები გამორჩეულია, რომელსაც მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს. უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს განსაკუთრებული დამსახურება აქვს საკუთარი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ის, ამავდროულად, ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. ამიტომ შეხვედრისას როგორც დარგობრივი, ასევე ზოგადი პოლიტიკური საკითხები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ იდეოლოგიურად ერთ მხარეს ვდგავართ და ვემსახურებით ჩვენი ქვეყნების იდენტობის და ეროვნულობის გაძლიერებას, სუვერენიტეტის გამყარებას. უნგრეთს მნიშვნელოვანი, საარჩევნო წელი აქვს. წარმატებას ვუსურვებ უნგრელი ხალხის საუკეთესო არჩევანს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საპარლამენტთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი ლაიოშ კოჰარი და უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრა პონევაჩ-პანა.










