ნინო წილოსანი: ანაკლიის პროექტი ახლა რომ არ ფუნქციონირებს და ჩვენ ამ უდიდეს სარგებელს რომ არ ვიღებთ, ამაში ერთადერთი დამნაშავე არის მამუკა ხაზარაძე მისი თანაგუნდელები და ის ჯგუფი, რომელიც ანაკლიის პორტს ხელმძღვანელობდა

ნინო წილოსანი

ყველა სასამართლოს მხრიდან იყო აღიარებული დამნაშავედ ანაკლიის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით. ალბათ ერთადერთი დარჩენია მას, რომ იგივე სიცრუით გააგრძელოს კომუნიკაცია თავის ამომრჩეველთან, რაც აქამდე ჰქონდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-პიკერი ნინო წილოსანი მამუკა ხაზარაძის განცხადებას. საუბარია ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის Facebook-პოსტზე.

„რატომაც ეს პროექტი ახლა არ ფუნქციონირებს და ჩვენ ამ უდიდეს სარგებელს ანაკლიის პროექტიდან არ ვიღებთ, ამაში ერთადერთი დამნაშავე არის მამუკა ხაზარაძე, მისი თანაგუნდელები და ის ჯგუფი, რომელიც ანაკლიის პორტს ხელმძღვანელობდა“, - აცხადებს წილოსანი.

ანაკლიის პროექტის ჩაგდებისა და ორი საერთაშორისო არბიტრაჟის წაგების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე კვლავ ანაკლიის პორტის აშენებაზე საუბრობს:

„ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობაც ამით იყო განპირობებული. დღესაც მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული“.