ნინო ფოჩხუა უკრაინის მოთხოვნაზე, არ დაუშვან საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: საქართველოსგან ამხელა დახმარების მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლებისგან გვესმის მხოლოდ კრიტიკა და უმადურობა - მადლობას არავინ ელოდება, მაგრამ ამდენი უპატივცემულობა?

ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მიერ უკრაინის მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების ჩამონათვალს აქვეყნებს, რითაც რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, უკრაინის დელეგაციის მოთხოვნას ეხმიანება, რომლითაც პორტუგალიას მოუწოდებენ, არ დაუშვან საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე სესიაზე.

ფოჩხუას განცხადებით, საქართველოსგან ამხელა დახმარების მიუხედავად, ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლებისგან მხოლოდ კრიტიკა და უმადურობა გვესმის. მისივე თქმით, საერთაშორისო რეზოლუციებით დაწყებული, ლტოლვილების მიღებით და ფულადი დახმარებით დამთავრებული, ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, პასუხად კი მხოლოდ უპატივცემულობას ვიღებთ. “როდის იყო ქართველ კაცს სტუმრისათვის პატივისცემა დაუთვლია, სტუმარი ღვთისააო, ქართველს უთქვამს, არასდროს ქართველს სტუმრისთვის არ დაუყვედრებია მასპინძლობა და ბოლოს, ქართველის დაწერილია "სტუმარ-მასპინძელი." საქართველოსგან ამხელა დახმარების მიუხედავად, ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლებისგან გვესმის მხოლოდ კრიტიკა და უმადურობა. რაც კი რამე შეიძლებოდა, დაწყებული საერთაშორისო რეზოლუციებით, ლტოლვილების მიღებით და ფულადი დახმარებით, ყველაფერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, მადლობას არავინ ელოდება, მაგრამ ამდენი უპატივცემულობა? ეს ომიც დამთავრდება დღეს თუ ხვალ, ზელენსკი, მისი მთავრობა წავა და რას უტოვებს უკრაინელ ხალხს, ასეთ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ? არა და უკრაინელებს და ქართველებს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. უმადურობა კი კლავს!” - წერს ფოჩხუა.