ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოსთან მიმართებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია თუ შეიცვლება, PACE-ში ჩვენი წევრობის სრულფასოვანი ფუნქციონირება აღდგება

ნიკოლოზ სამხარაძე

PACE-ს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათი აქ ჩამოსვლის მიზანი არის მხოლოდ კითხვების დასმა და ჯერჯერობით თავს იკავებენ პოზიციების დაფიქსირებისგან“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრისას PACE-ს დელეგაციის კითხვებს მკაფიო პასუხები გაეცა.

„PACE-ს დელეგაციას ჰქონდათ რამდენიმე საკითხზე კითხვები. მათ შორის,  „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებასთან დაკავშირებით. კითხვა იყო, რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ ჩვენ თავს პარლამენტში, სადაც ოპოზიციის ნაწილი არ არის წარმოდგენილი, ასევე ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით ევროპაში ინტეგრაციის საკითხზე.

ჩვენ ძალიან ნათლად ავუხსენით, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მივიღეთ საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არანაირად არ არღვევს არც ერთ უფლებას, რომელიც არის ჩამოთვლილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ვუთხარით, რომ ეს კანონი გასაჩივრებულია როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე სტრასბურგში. შესაბამისად, დაველოდოთ განხილვებს. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში არც საკონსტიტუციომ, არც სტრასბურგის სასამართლომ ვერ დაინახა მყისიერი საფრთხე, შესაბამისად ამ კანონის დროებითი შეჩერება არ მოითხოვა.

პარლამენტში ოპოზიციის ყოფნასთან დაკავშირებით კითხვაზე ჩვენი პასუხი იყო, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა. ავუხსენით, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო რევოლუციის მოხდენის იმედით. რაც შეეხება ევროკავშირის საკითხს, ჩვენ მათ ვუპასუხეთ, რომ გვაქვს დროებით დაძაბულობა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, ეს საკითხები ისევ ეხება, ერთი მხრივ, „გამჭვირვალობის კანონს“ და, მეორე მხრივ, არჩევნების შემდეგ მომხდარ არეულობას, ასევე, 4 ოქტომბრის მოვლენებს. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს და ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი აღდგება“, – განაცხადა სამხარაძემ.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, PACE-სგან „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელის დაგმობას მოელის.

„ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით პასუხად მივიღეთ, რომ რეპორტიორები და მომხსენებლები არ აფასებენ ზოგად პოლიტიკურ სიტუაციას და სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების ქმედებებს, არამედ ისინი აფასებენ როგორ ასრულებს საქართველო ვალდებულებებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელზეც ვისაუბრეთ. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, PACE-ს მონიტორინგის განცხადება იყო, რომ ისინი გმობენ ამ ნაბიჯს. მათ ვუთხარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად იმავეს აპირებს, პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ, სარჩელი შეიტანოს. ვუთხარი, რომ მათგან მოველი ამ ნაბიჯის დაგმობას, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არის პარლამენტის წევრების პრეროგატივა.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წამოჭრეს, არის საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა PACE-ს სესიებში. მათ გამოთქვეს წუხილი რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ სესიებში. თუმცა, ჩვენი მხრიდან მკაფიოდ გავიმეორეთ, რომ მონაწილეობის შეჩერება განპირობებულია PACE-ს ერთ-ერთ რეზოლუციაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ჩანაწერის გამო. მათ ვუთხარით, რომ ეს არის წითელი ხაზი. მიგვაჩნია, რომ ეს ჩანაწერი არის პოლიტიკურად მოტივირებული. თუ ეს პოზიცია შეიცვლება, PACE-ში ჩვენი წევრობის სრულფასოვანი ფუნქციონირება აღდგება.

მათი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ კითხვები დაისვა. ერთადერთი, რაც ითქვა იყო, რომ სურთ, საქართველო დაბრუნდეს და მონაწილეობა მიიღოს PACE-ს სესიებში. ასევე გვითხრეს, რომ მათი აქ ჩამოსვლის მიზანი არის მხოლოდ კითხვების დასმა და შესაბამისად, ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ პოზიციების დაფიქსირებისგან“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტში შეხვედრებს დილიდან მართავენ. თავდაპირველად ისინი დახურულ კარს მიღმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, შემდეგ ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.  PACE-ს დელეგაციის შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან და ფრაქციებთან საკანონმდებლო ორგანოში დღის ბოლომდე გაგრძელდება.