ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია და კორეული კომპანიების ინტერესებში შედის, გამოიყენონ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ევროპაში ექსპორტისთვის

ნიკოლოზ სამხარაძე

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კორეულ კომპანიებს რუსეთისა და უკრაინის ბაზრებთან პირდაპირი ურთიერთობის შეზღუდვები შეექმნათ, ხოლო ფართო რეგიონში ბიზნეს პირობები სულ უფრო რთული და რისკისადმი მგრძნობიარე გახდა, – ამის შესახებ სტატიას გამოცემა The Korea Herald აქვეყნებს.

სტატიის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ ამ ფონზე, საქართველოს შეუძლია კონსტრუქციული და სტაბილიზაციის როლი შეასრულოს.

კორეულ გამოცემასთან ინტერვიუში სამხარაძემ განაცხადა, რომ კონფლიქტისგან საქართველოს შედარებითი იზოლაცია განახლებული რეგიონული ჩართულობისთვის მას პრაქტიკულ პლატფორმად აქცევს.

„ადრე თუ გვიან, ყველა ომი დასრულდება და ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში ომი უფრო ადრე დასრულდება. ეს როცა მოხდება, შესაძლებლობები ხელახლა გაიხსნება. საქართველო-კორეის პარტნიორობა დაეხმარება კორეულ კომპანიებს თანდათანობით დაიბრუნონ წვდომა ამ ბაზრებზე, საქართველო კი საწყის წერტილად იქცევა. კორეულ კომპანიებს უკვე თუ აქვთ მყარი წარმომადგენლობა საქართველოში, მათთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება უკრაინაში, რუსეთსა და მეზობელ ბაზრებზე დაბრუნება“, – განუცხადა სამხარაძემ The Korea Herald-ს.

სამხარაძის თქმით, თბილისში კორეის საელჩოს გახსნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც პირდაპირი ფრენების განხორციელების საშუალებას იძლევა, კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

„ეს მოვლენები ქმნის მეტ შესაძლებლობას ბიზნესებისა და სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებისთვის, რომ ისარგებლონ უფრო მჭიდრო ურთიერთობებით. ჩვენი მიზანია, ეს დერეფანი არა მხოლოდ ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი, არამედ ყველაზე მოსახერხებელი გზაც გავხადოთ. საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია და კორეული კომპანიების ინტერესებში შედის, გამოიყენონ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ევროპაში ექსპორტისთვის“, – თქვა მან.

სამხარაძემ ასევე განაცხადა, რომ კორეა საქართველოსთვის პრიორიტეტული პარტნიორია და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის ვაჭრობა და განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება