1-ლი იანვრიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეგულაცია შედის ძალაში
1763152075
განცხადების დაწერაში უცხოელების დახმარება საგანგაშო ვითარებაა, რადგან მნიშვნელოვანია, ოპოზიცია და ჯანსაღი ოპოზიციური ძალები არსებობდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული პოლიტიკისთვის ცუდია, როდესაც ოპოზიციას განცხადების ტექსტს გარე ძალები უწერენ.
„ქართული საზოგადოებისთვის სიახლე არ არის და მათ კარგად იციან, რომ ჩვენი ოპონენტები, პოლიტიკური ოპოზიცია, ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს ისე, რომ უცხოეთთან არ შეათანხმოს. ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ ისინი თავად ასეთ მარტივ განცხადებასაც ვერ წერენ. განცხადებას, რომელიც უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან რუსთაველზე ჩამოსეირნებას ეხება. ამ განცხადებაშიც კი უცხოელები ეხმარებიან, რაც საგანგაშო ვითარებაა, რადგან მნიშვნელოვანია, ოპოზიცია და ჯანსაღი ოპოზიციური ძალები არსებობდნენ. როდესაც ჩვენს ოპოზიციას ასეთ მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს, კარნახობს და შემდეგ ამ განცხადებით ქართველ საზოგადოებას ესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ვერანაირი შანსი და შესაძლებლობა ვერ ექნება, ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს, ან ჯანსაღად აკრიტიკოს. ეს ძალიან ცუდი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში და იმედი მაქვს, რომ მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან. პოლიტიკური ძალები იქნებიან, რომლებიც განცხადებასაც თავად დაწერენ, პოლიტიკურ ნაბიჯებსაც თავად დაგეგმავენ და ხელისუფლებასთან ოპონირებაშიც თავად შეძლებენ კონკრეტულ თემებზე დისკუსიის გამართვას. ეს ქართული დემოკრატიისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ წაიკითხა განცხადება და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.