ნიკოლოზ სამხარაძე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: საქართველო მოხვდა პარტნიორობის უმაღლეს კატეგორიაში, რომელსაც ეწოდება „პარტნიორობა ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისთვის“

ნიკოლოზ სამხარაძე

სესიაზე ჩვენ გვქონდა წარდგენილი რამდენიმე შესწორება სხვადასხვა რეზოლუციებში, რომელიც სხვადასხვა კომიტეტზე იქნა განხილული, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, მათი შესწორებების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იყო კომიტეტების და ანგარიშის ავტორების მიერ და მათი ფორმულირებები ასახულია დოკუმენტებში.

„ეს ფორმულირებები ეხებოდა, როგორც ოკუპაციის თემას, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე 90-იანი წლების მოვლენებს. ახლა შეიქმნა ახალი კატეგორიები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები, საქართველო მოხვდა პარტნიორობის უმაღლეს კატეგორიაში, რომელსაც ეწოდება „პარტნიორობა ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისთვის“. ამ კატეგორიაში საქართველოს პარლამენტთან ერთად არის უკრაინის რადა, ევროპარლამენტი და ავსტრიის პარლამენტი, ანუ იმ ქვეყნების პარლამენტები, რომლებიც ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებული ნატოსთან.

ამ ახალი კატეგორიის შექმნით უფრო მეტად და სრულფასოვნად ჩავერთვებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ცხოვრებაში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

11-13 ოქტომბერს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 71-ე წლიური სესია ჩატარდა, რომელშიც ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიამ ლაშხისა და ლევან მახაშვილის შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.