გადამწყვეტი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ბრძოლა ჯგუფში მეორე ადგილისთვის - საქართველო-თურქეთის მატჩამდე ცოტა დრო რჩება

სტადიონი იზმითში

თურქეთი - საქართველო - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ შეხვედრას მართავს. „ჯვაროსნებს“ რევანში აქვთ ასაღები, თანაც - სტუმრად.

იტალიელი ვინჩენცო მონტელა ფრანგი ვილი სანიოლის წინააღმდეგ, რომელიც 90 წუთის განმავლობაში წინა მატჩისგან განსხვავებულ და აგრესიულ თამაშს გვპირდება. შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში გასამართი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი იღებს, ხოლო მეორეადგილოსანი პლეი ოფში გადავა. ქართველების ბრძოლა ჯგუფში მეორე ადგილისთვის ქოჯაელის პროვინციაში, ქალაქ იზმითში შედგება.

საქართველოს ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით, ქვეყანას ერთი დიდი ოცნება უკვე აუსრულა, ახლა სხვა ოცნება გვაქვს და ეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. რთული მატჩი დიდი იმედებით და ამბიციით: თურქების დამარცხება მათსავე მოედანზე.

ჩვენი ყველა ვარსკვლავი ფორმაშია: მათ შორის, "პსჟ-ს" და "ვილიარეალის" ფორვარდები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. ზურიკო დავითაშვილი" სენტ-ეტიენი," "ლივერპულის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი და ოთარ კიტეიშვილი - ავსტრიული "შტურმიდან" და ლუკა ლოჩოშვილი გერმანიიდან. საქართველოს ნაკრების ეს თაობა ნებისმიერი გუნდისთვის უხერხული მეტოქეა - ეს პრესკონფერენციაზე თურქეთის მწვრთნელმაც აღნიშნა.

მანქანებით, ავტობუსებით, თვითმფრინავით - თურქეთში ჩასავლელად, ქართველებმა ყველა სატრანსპორტო საშუალება გამოიყენეს.

„ფინალის ტოლფასი მატჩია, საქართველოდან მოსაგებად ვართ ჩამოსულები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დავბრუნდეთ საქართველოში. წარმატებები ბიჭებს,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.