ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-საქართველოს ურთიერთობები უკვე აღდგენილია, თუმცა ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე დაბრუნება სამუშაო პროცესია და დრო სჭირდება

ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები უკვე აღდგენილია, იქიდან გამომდინარე, რომ ვიზიტები შედგა, იყო სატელეფონო ზარები და იყო კომუნიკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე დაბრუნება სამუშაო პროცესია და დრო სჭირდება.

„ერთია ურთიერთობის აღდგენა და მეორეა ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე დაბრუნება. ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე დაბრუნება – ეს სამუშაო პროცესია და ამ სამუშაო პროცესს დრო სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ ურთიერთსასარგებლო ფაქტორებზე და იმ ურთიერთსასარგებლო სფეროებზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი უნდა იყოს. ეს პროცესი დაძრულია და ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ხვალ, ზეგ ან თუნდაც მომავალ თვეში ეს პროცესი დასრულდება. ეს სამუშაო პროცესია და ამას დრო დასჭირდება“, – განაცხადა სამხარაძემ.