ნეიტრალიტეტი არ არის ერთგანზომილებიანი არჩევანი, ეს არის სახელმწიფოებრივი ფილოსოფია, კომპლექსური, მრავალსაფეხურიანი პასუხისმგებლობითა და ღირსებით გაჯერებული - ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

"ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ჩაატარა. პარტიის აღმასრულებელ მდივნად ვატო შაქარიშვილი აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრები მასთან ერთად იქნებიან ლევან ნიკოლეიშვილი და ბიძინა გიორგობიანი.

"პერმანენტული ნეიტრალიტეტის მიღწევის და დამკვიდრებისთვის ხანგრძლივი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, ეს არ არის ადვილი საქმე, რათა დაკმაყოფილდეს შემდეგი წინაპირობები: შიდა სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრა და ფორმირება, საერთაშორისო აღიარება და გარანტიები, რაც გულისხმობს შემდეგს - დიდ ძალებთან მივაღწიოთ ხელშეკრულებით დაფიქსირებულ შეთანხმებას, რომ არ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, არ განიხილავენ საქართველოს ტერიტორიულ სამხედრო პლაცდარმად, პატივს სცემენ მის ტერიტორიულ მთლიანობას. დღეისათვის მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, აუცილებელი ხდება აღმოსავლეთ ევროპასა და წინა აზიაში ახალი პოლიტიკური რეალობის ამსახველი ურთიერთობების განმტკიცება, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სადაც საქართველო წარმოდგება როგორც მუდმივი ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყანა“, - აცხადებს პარტია "ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი.

მათ ისაუბრეს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და პარტიის მიზნებზე.

"ნეიტრალიტეტი არ არის ერთგანზომილებიანი არჩევანი, ეს არის სახელმწიფოებრივი ფილოსოფია, კომპლექსური, მრავალსაფეხურიანი პასუხისმგებლობითა და ღირსებით გაჯერებული, იგი მოითხოვს მაღალი პოლიტიკური კულტურის, გამჭვირვალე ინსტიტუტების, ფუნქციური სამართლებრივი სისტემისა და სტრატეგიულად გამართული მმართველობის ერთიანობას. ნეიტრალიტეტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მშვიდობიანი გზით განიმტკიცოს საერთაშორისო პოზიციები, უზრუნველყოს გრძელვადიანი უსაფრთხოება, დაცვა და კეთილდღეობა და დაიკავოს ღირსეული ადგილი საერთაშორისო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში", - აცხადებს პარტია "ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებელი ლევან ნიკოლეიშვილი.